вторник, 28 июля 2015 г.

ზაალ ჯალაღონია - ,,იდუმალმეტყველი პოეტი"(აპოლონ ადონიას პოეზია)



 აპოლონ ადონიას შემოქმედება მეტწილად კომუნისტური რეჟიმის პირობებში იქმნებოდა, თუმცა ამ ნაკადულივით თავანკარა პოეზიას, ვერაფერი დააკლო იდეოლოგიით განსაზღვრულმა ბიწიერმა აზროვნებამ, თითქოს  სრულიად სხვა სამყაროში წარმოიშვა, სხვა ღირებულებები, ღვთაებრივი გამოვლინებანი შეირწყა და შეითავსა, ამიტომაც ის ისე განირჩეოდა მაშინდელი რეალობიდან, როგორც მრუმე უკუნში გამკრთალი სინათლის სხივი. იქნებ ამადაც შეარქვა თავის ლექსთა კრებულს ,, გაელვებიდან გამომზირალი.“ პრინციპულობა, თავმდაბლობა, სიმართლისადმი სწრაფვა იყო მისი ხასიათის გამოკვეთილი თავისებურება. ეს იგრძნობა  პოეზიაში, თითოეულ ნაფიქრსა და ნააზრევში.ხასიათისეული ამ შტრიხების წამოწევა კომუნისტურ ცნობიერებაზე ამბოხებას ნიშნავდა,. იმ პერიოდში, ამგვარი სვლით სიარული ბეწვის ხიდზე გავლას უდრიდა. ეკლიანი, მძიმედ სავალი გზა, უდრტვინველად, ყოველგვარი სასოწარკვეთილების გარეშე დასძლია.  აპოლონ ადონია  ფიზიკურად  XX  საუკუნეში დაიბადა, მაგრამ  როგორც მოაზროვნე   მესამე ათასწლეულის პოეტია. სათქმელის სიახლით, გლობალური მასშტაბებით დროთა სამანებს მიღმა მდგარი შემოქმედია. პოეტი, რომელმაც ლექსში ემოცია უკანა პლანზე გადასწია  და აზრს დაუქვემდებარა იგი. როგორც თავად იტყოდა,  ,,რიოშ ცმუკვას გაადაჩვია გონება.“  მისი პოეზია ესაა, აზრისგან მიღებული ემოცია, და არა  პირიქით,- ემოციისგან მიღებული აზრი. ძველი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო-ძი  ასე ამბობს თავის ,,დაო-დე-ძინში“ : ,, ჭეშმარიტი სიტყვა არაა ლამაზი, ლამაზი სიტყვა არაა ჭეშმარიტი.“  სიტყვის სილამაზე ფონემურ დონეზე, აპოლონ ადონიასთვის ყოველთვის უცხო და მიუღებელი იყო. მკვეთრად გამოხატული სათქმელი, ღრმა ფილოსოფიურობა, განცდის უშუალობა,  ყოველგვარ ყალბ ეფექტებს დაშორებული წრფელი პოეზია. აი, ის თავისებურება,  რითაც ხასიათდება ეს უნაზესი სულის ლირიკოსი. იგი სულში ჩაბრუნებული მზერით ხედავდა სხვისთვის დაფარულს, ამოუცნობს. მას შეეძლო, თანამონაწილე გაეხადა ადამიანი, იმ მშვენიერი შეგრძნებებისა, რაც მას ინტუიციურად ეძლეოდა. პოეტური სიმართლეა  უმთავრესი თვისება, რაც შემოქმედს სძენს  გარკვეულ მომხივბლელობას. აპოლონ ადონია ცხოვრებაშიც პრინციპული, საოცრად სამართლიანი იყო, ამიტომაც რა ფასეულობებზეც სისხლით წერდა, იმავე პირინციპებს ცხოვრებაშიც თავგამოდებით იცავდა., ამითაც განირჩეოდა მის მრავალ თანამოკალმეთაგან:

  ,, თუნდ უმნიშვნელო ერთმა სიცრუემ,
    დაღუპვისაგან გიხსნას მაშინვე,
    მაინც არ აჰყვე ვნების სიქსუეს,
    ტყუილი არ თქვა, შვილო,
    ვაშინერს“ ...

ლირიკული პოემა,,საუბარი ერის სულთან,“ ერთ-ერთი შედევრია მისი მრავალმხრივი შემოქმედებიდან. პოეტი აქ გვევლინება, როგორც მარადიული მესიტყვე, რომელიც ერის დვრიტას აცოცხლებს, მუდმივ განახლებისკენ, დიდი მიზნისკენ მიმართავს მას. ეს შეგულიანება უწყვეტი პროცესია წარსულში, აწმყოსა და მომავალში განფენილი. აპოლონ ადონია ტკივილამდეა შეზრდილი ქართულ ფესვებს, ერის სულს ყველგან ამჩნევს, ცდილობს მიუახლოვდეს, მისწვდეს და უმკურანალოს მის წყლულებს:

 ,, შენ მელანდები ტაძრის კედლებზე,
  აცახცახებულ მზის ნაპერწკლებში.
   მინდა მოგწვდე და მოგბანო წყლული.“

 აპოლონ ადონია იდუმალმეტყველი პოეტია. წინასწარმეტყველია.  ინტროსპექციული ხილვებით გამორჩეული. მისი მართალი სიტყვა, თითქოს შიგნიდან განათებს, ტვინის ხვეულებში აღწევს და აზროვნებას გაჩვევს. პოეტის სათქმელს საოცარი ძალმოსილება  აქვს., წაკითხვის შემდეგ მაღლდები, უფრო კეთილშობილი ხდები, ვიდრე წაკითხვამდე იყავი. ადამიანის ტვინი ამოუცნობი მოვლენაა, მის  შრეებში თვლემს პოტენციური ღვთაება., ნიცშეს სიტყვებით ,,ზეკაცი“, ბრძენი ადეპტი, ოღონდ მთვლემარე., ზეცნობიერს გაღვიძება ესაჭიროება. ამიტომ აქცევს პოეტი გამორჩეულ ყურადღებას თავის ლირიკაში ადამიანის ტვინს, რითაც თითოეული ჩვენგანის , შინაარსება მოქსოვილი“:

,, როგორც ეტყობა,
თვით მზეთამზესაც
უჭირს ძალიან
ეს თავის ქალა
შიგნიდანვე რომ გაანათოს
და გაანათლოს...

 შიგნიდან განათება ნიშნავს, ადამიანური ვნებების მოთოკვას, როდესაც ტვინში აღძრული წმინდა ფიქრი მართავს სხეულს. ხილვითი ინიციაციის გამოვლინებაა ამ საოცარ ლექსში,  პოეტს ენიშნა, რომ ხვალ ადამიანის თავის ტვინიდან მზე ამოვიდოდა.  ქრისტოლოგიაში მზის ორგვარი სახე არსებობს,  ფიზიკური და სულიერი მზე. სულიერი მზე, იგივე ქრისტეა, უფალია. ადამიანის ტვინიდან შობილი მზე კაცობრიობის გაკეთილშობილების, პიროვნების გაღვთიურების მაუწყებელი ნიშანია.  აი,ეს საკვირველი ლექსიც:

 ,, შეღამებისას მივაპყარ მზერა
აღმოსავლეთის მდუმარე არეს:
ხვალ მზე ამოვა ადამიანის
თავის ტვინიდანმანიშნა ზეცამ.

 ბუნების ჰარმონიის რღვევა მიუტევებელი ცოდვაა, რასაც ადამიანი ველური აღტკინებით აკეთებს. ასეთი მიდგომა საფუძველს აცლის სამყაროს და დაშლა- რღვევისკენ მიაქანებს მას. ბუნებასთან შეჯიბრი კაცობრიობას უმთავრეს საქმედ გადუქცევია, თერმობირთვული ენერგიით ცდილობს მის მართვას. პოეტი კი ასე გვაფრთხილებს:

,, მთებში წმინდაა ეს ჭანისწყალი,
სხვა მინარევი ამღვრევს გზაშივე;
არ აამღვრიო ბუნების თვალი,
ბუნების სულის ნჯღრევა
ვაშინერს“...

  XIX- საუკუნიდან გაუჩნდა ბზარი სამყაროს მთლიანობას. ქაოსმა, უწესრიგობამ მოიცვა იგი. აჩქარებულმა რიტმმა თავის წრე-ბრუნვაში ჩაითრია თითოეული ადამიანი.  უსულგულო ტექნიციზმმა სულიერი კავშირები დაარღვია, მორალურ-ეთიკური მიმართება საგნებისა და მოვლენებისადმი უხეში,  არაჰუმანური გახადა. პოეტი სამშობლოს გაუხარელ ყოფას პირადი ტრაგედიის სიმწვავით განიცდიდა., გულს უკლავდა თანამედროვე მსოფლიოში დაწყებული ადამიანურობის, ხელოვნების გაუფასურების დამღუპველი პროცესი. სამართლიანად კიცხავდა კაცობრიობას იმის გამო, რომ  უარი თქვა სულიერ კულტურაზე და უკულტურო ცივილიზაციისკენ აიღო გეზი. მანქანურ აზროვნებას დაუქვემდებარა ტვინის შრეებში დალექილი მეხსიერება, რაც ,,ძლევის იმპულსის“ აღზევებას უწყობს ხელს. პოეტი მიხვდა იმ ჭეშმარიტებას, რასაც ბევრი ვერ აცნობიერებს. ადამიანი იქ შეჩერდა, სადაც ღვთიური მადლი არ არსებობს, სადაც ღვთის ნება არ ნებელობს. ეს კი მხეც-კაცობის გზაა. აპოლონ ადონია კი ის პოეტია,  რომელმაც თავის ცნობიერში დაამარცხა ქვენა ინსტინქტები, ჩაკლა მხეცი და შესაქმისეულ წრე-ბრუნვაში თავისი კუთვნილი სახე მიიღო:

,, გამოვეყავი ცხოველურ საწყისს,
  ჩემი ღირსი სახე მივიღე,
  ადამიანად დავაჩნდი მიწას“.



понедельник, 23 марта 2015 г.

ზაალ ჯალაღონია- ,,გამჭვირვალეა პოეტის ბედი" ( რენე კალანდიას პოეზია)









  
   რენე  კალანდია თავის ერთ-ერთ ლექსში ასეთ რამეს იტყვის :

  ,, როგორც ხმელეთზე
გარიყული მედუზას  სუნთქვა,
გამჭვირვალეა პოეტის ბედი“

 დიახ, გამჭვირვალეა პოეტის ბედი, თუ ის ჭეშმარიტი მესიტყვეა, თუ მასში პოეტის დაუოკებელი გული ფეთქავს, დაუდეგარი სისხლი მოძრაობს, ამბოხებული და შეურყვნელი ღირსება მკვიდრობს. ამიტომაც იტყვის,  ასე თამამად, ასე გამჭოლად და პროფეტულად.
 როდესაც ჩვენ გვერდით იმყოფება ადამიანი, მასში ყოველთვის გვსურს ჩვეულებრივი პიროვნება დავინახოთ. გვიჭირს აღქმა, რომ ის  არ გვგავს, ჩვენნაირი არაა. დავშორდებით თუ არა, ჩვენ შორის მანძილი კი არ იზრდება, უფრო მოკლდება, თვალსაწიერიდან უფრო მკვეთრად ჩანს მიღმიერებაში გარდასახული.
 რენე კალანდიაც ასეთი იყო... 
 მისი პოეზია არაა ტრაფარეტული, შაბლონური. არ მიყვება უკვე გათელილ შარას, მუდმივად ახლის ძიებით არის მოტივირებული.
 მისი ლექსი მოცახცახეა, ნერვიული. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში სტრიქონების დატეხვის მეთოდი, რომელსაც ანჟაბემანი ეწოდება. ეს არ არის, ნაძალადევად მოწოდებული მეთოდი, ის ლექსში ბუნებრივად, ორგანულად გამოიყურება.
 რენე კალანდია თანამედროვე აზროვნების პოეტია, დიახ არის.. მე მასზე აწმყო დროში ვსაუბრობ. მარადისობაში გარდასული, მუდმივად ჩვენი თანამდევიცაა...
ზემოთ აღვნიშნე მისი ლექსის თავისებურება, ნერვიული ცახცახი. ეს განწყობა პოეტს გარედან ეძლევა, თავად კი არ გადასდებს გარემოს თავის ხასიათს, არა. ,ეპოქის აჩქარებული რიტმი შემოაქვს ლექსში. უზუსტესად აღწერს ამ მდგომარეობას  მისი ადრეულ ახალგაზრდობაში, გამოცემული კრებული, რომელსაც ,,ნერვიული ქვაფენილი“ დაარქვა.
 რენე კალანდია ქართული პოეზიის თხუთმეტსაუკუნოვან უსიერ ტყეში პოულობს თავის საკუთვნო ადგილს.  იმიტომ, რომ ის ბრმად არ მიჰყოლია დიდი კლასიკოსების გზას. მათგან იღებდა, გარდაქმნიდა ,,რენესეულს“  ძერწავდა. ზოგი ამჩნევდა მის ამ თვისებებს, ზოგიც ვერ ამჩნევდა,ზოგიც სულაც თვალს ხუჭავდა ამ ყველაფერზე. ესეც ჩვეულებრივი მოვლენა იყო, და ალბათ მუდმივად ასეც იქნება წუთისოფლის ავან-ჩავანის გამოისობით.
 რენე კალანდიას პოეზია სულდგმულობს პარიზული ,,კაფე შანტანების,“  ,,ტავერნა-ბარების“ ფრანგული ეშხით და სურნელებით, თუმცა მასში ქართული დიდი სევდა და  ტრაგიზმიცაა საცნაური. რენე კალანდიას შემოქმედებაში რუსი ფუტურისტების, სიმბოლისტი მანდელშტამისა და კონკრეტულად, გენადი აიგის პოეზიის შტრიხებიც იკვეთება.  ასევე იგრძნობა, ლატვიური მოტივების ორგანული შეხამება ქართულ ხასიათთან. ამას ყველაფერს ოსტატური  კალმის მოსმით ახერხებს. პოეტმა ლატვიაში გარკვეული ხანი დაჰყო... გენადი აიგი, ასევე დიდი პოეტი, მისი მეგობარი იყო. და მაინც, რენე კალანდიას აზროვნება თავისთავადია, ტრადიციის გათვალისწინებით ცდილობს მოდერნული ავანგარდი წარმოაჩინოს.
 როდესაც  პოეტის  მეტაფორულ აზროვნებას, ვუკვირდები ვხვდები, თუ როგორი პარანორმალურ, მეტაპოეზიას გვაზიარებს. ასე ერთგვარად ფსიქოდელიური რაკურსით  იკვეთება რენე კალანდიას პოეზიის თანამდროვე სახე, ეპოქისეული აღქმა. ალბათ,ყველა რეალისტი პოეტი ღრუბელზე ლურჯს დაწერდა, ან ფოფინას, ბამბის ქულასნაირს. პოეტი კი გვეუბნება, რომ ღრუბელი კვადრატულიაო.:

,, მთის ალმასებზე
კვადრატული ღრუბელი იწვა“

 სამყაროს ასეთი აღქმა მომდინარეობს ,,კუბიზმიდან“. მართალია, ის პოეზიაში მთელი სიმძაფრით არ გამოვლენილა, როგორც მხატვრობაში, მაგრამ მაინც გარკვეული სახე და მიმართულება მიიღო თანამედროვე ავანგარდისტთა შემოქმედებაში. (ეჰინი და სხვა)
 რენე კალანდიას ამ აღქმაში სამყაროს შემადგენელი ერთი ნაწილის, ღრუბლის ფორმა იკვეთება. ფიზიკის კანონებით ყოველ საგანში ატომის უმცირესი მოლეკულები განიბნევიან, რომელნიც საგანს ერთ რაკურსში წარმოსახავენ, როგორც კუთხოვან მასას, კვადრატს ან კუბს. საგნის ზედაპირების ხაზი ერთმანეთში არეულია, ჭვრეტა ყველა კუთხიდან შეესაძლებელი  ხდება.
 ასეთი ურთულესი ნიუანსები გადმოიტანა პოეტმა. ეს ერთგვარი პროტესტი იყო კომუნისტური რეჟიმის მიმართ, რომელიც პოეტს სტანდარტულ აზროვნებისკენ უბიძგებდა.ამიტომაც რენე კალანდია არ იყო მათი საყვარელი პოეტი. ის მუდმივ მეამბოხედ დარჩა:

 ,, მე რომ დინებას დაბლა დაუყვე,
რუხ მგელს დარდით არ დაეძინება,
ტურა იფიქრებს: `ეს ნიშნავს უკვე
რენეც წილში ზის~... და ეწყინება...
თქვენ გქონდეთ სარჩო!.. არ გავუყვები
დინებას!.. აღმა უნდა გავცურო!..
მეგობარ ქაშაყს ზღაპარს ვუყვები
და არ ვაპირებ ,რომ გემსახუროთ!..

ეს უკომპრომისო მიდგომა მის არაერთ ლექსში ჩანს.დაუნდობელია პოეტი არსებული რეჟიმების მიმართ. ლექსი ირონიულ კონტექსტში ექცევა,  სარკაზმი დომინირებს.
,,როცა საჯდომი პატივშია-,და არა თავი.“
საოცრად ზუსტად არის  ნათქვამი მანერიზმის, თვალთმაქცობის შესახებაც. ის ვერ იტანს ნიღაბს, რომელიც სახეზე აუფარებია  საზოგადოებას..

 ,,წადით!.. მომშორდით!... მე მომბეზრდა თქვენი სინაზე
და გაოცება- ნიღაბიზმის აღორძინება. მქუხარე ტაშიც..
ან მე წავალ და სველ სილაზე დავტოვებ ამბოხს,
თავგანწირვას,აზრის დინებას.“

რენე კალანდიას სასახელოდ უნდა ითქვას, რომ პოეტის ეს დაუმორჩილებელი, შეურიგებელი დამოკიდებულება არ არის ზედაპირული. პოეტი სათქმელს უაღრესად ონტოლოგიურად, ექსისტენციურად განიხილავს. მისი პროტესტი არ არის მიმართული, რომელიმე კონკრეტული რეჟიმის წინააღმდეგ.   ის ზოგადად თავისუფლების შეზღუდვის ნებისმიერ ფორმას აკრიტიკებს. პროტესტი მძაფრია, სათქმელი წვერწმახული და პირდაპირი.   ნაფიქრის დიაპაზონი ღრმაა, საყოველთაო. მთლიანობა დაურღვეველი, ტოპოკოსმიური, გლობალური.
 პოეტის ღირსება განისაზღვრება იმით, თუ ის  რამდენად ახერხებს  მკითხველი თანამონაწილე გახადოს თავისი ტკივილებისა, თავისი სევდისა. თუ პოეტი სიკვდილზე წერს, მკითხველმაც უნდა იგრძნოს ეს სიკვდილი. იმედგაცრუებაზე თუა საუბარი, მკითხველმა უნდა იგრძნოს ეს შემზარავი განცდა. რენე კალანდიას პოეზიას ეს შეუძლია. მის სიტყვაში აკუმულირებულ ენერგიას ძალუძს  სულიერად დაგანგრიოს, გაგაცამტვეროს, ამავე დროს, კიდეც აღგადგინოს, გაგამთლიანოს.
 ერთი პერიოდი რენე კალანდიას პოეზიაში აბსურდულობის ელემენტებმაც იმატა. თვითგაუცხოების, თვითიდენტიფიკაციის დაკარგვის გაცნობიერებამ პოეტი მთლიანად მოსწყვიტა გარესამყაროს. აბსურდული ელემენტები გამოკვეთილ სახეებად ჩამოყალიბდნენ.ალიტერაციულმა  ბგერწერამ, ლექსის ახალი, თავისებური რიტმი წარმოშვა. დადაისტური თუ სიურეალისტური სახეებისკენ ლტოლვაც არსებულის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო:

 ,,ჰერაკლიტე
ბოსელში იკეტება.
აცვია ნაკელის აბჯარი-
ჰერაკლიტე ფილოსოფიური ფანჯარა.“

აქაც ვერ გაუგეს. .. მუდმივად შაბლონური და დრომოჭმული სახეებისკენ მიუთითეს. ეს ყველაფერი წარმოშობდა რენე კალანდიას გარკვეულ პაროდირებას საზოგადოების ყალბი ორიენტირებისადმი.
პოეტის კალამს ყველაფერი შეეძლო, ყველაფერს დაატრიალებდა. ძალიან მარტივად იტყოდა ამ სათქმელსაც. :

,, მოაზროვნე ლერწამო,
უფლის თიხით შექმნილო.
სანამ უნდა ეწამო,
ცაში ფეხმოკვეთილო?!

ზვარაკს როგორ გიშველო,
იმოსები რაღა დროს?!
გაჩენიდან შიშველო.“

 ამ ლექსში სინამდვილის მკვეთრი არტეფაქტი შემოგვთავაზა. რელიგიურ ჭრილში  ფილოსოფიურად, ექსისტენციალური შეკითხვის  კონტექსტში.  მოაზროვნე ლერწამია თავად პოეტი, რომელიც ცოდვების გამო ცაში ვეღარ ადის, თავის ძველ სამკვიდროს  ვეღარ უბრუნდება. სკეფსისი ეწყება ლირიკულ გმირს, ხოლო მიწაზე მისი ტანჯვა აღურიცხველია, წამება გაუსაძლისი.
 ირონიულ-პაროდიულ სტილს, ხშირად მიმართავს..ეს ფორმა განსხვავდება იგივე ტარიელ ჭანტურიას, ან ვახტანგ ჯავახაძის მეთოდისგან. რენე კალანდია ირჩევს ცრემლიან იუმორს, ტრაგი-კომიკურ ნარატივს:

 ,,მანდელშტამის უფულობით
დაშტამპული დავალ.
თუ მოვედი უუფლებო-
უუფლებო წავალ.“

მისთვის  ორგანულია სინტაგმების გადასვლა-მონაცვლეობა, ერთგვარი პარცელაცია. თვითონ პოეტიც, თითქოს დანაწევრებულ გარემოში ცხოვრობს. მისი სულიც დანაწევრებულია. ამ განწყობას უხამებს ლექსის სტრუქტურას.ინტონაცია, პაუზა, შეწყვეტა ისეა წარმოდგენილი, თითქოს ადამიანის მთელ ცხოვრებისეულ სიტყვებში განტოტვილ პარადიგმას გვიჩვენებდეს.

 აწ გარდაცვლილმა პოეტმა მამუკა წიკლაურმა შთამბეჭდავი პოეტის ხატი  წარმოგვიდგინა. შეუძლებელია  ეს არ გაგვახსენდეს:

 ,,დამთვრალა რენე და ქუჩა- ქუჩა თავის
ამაყ სულს დააფრიალებს“

არალინეალური, არატრადიციული მეთოდებით შემოსული პოეტი, ბოლომდე საკუთარი სტილის ერთგული დარჩა. ყველა ავანგარდისტი საბოლოოდ კლასიკას უბრუნდება, თუმცა ეს დაბრუნებაც, არ ყოფილა მასთან გადამღერებული თემებისა და გაცვეთილი რიტმების დემონსტრაცია. 
 არც სტრიქონების ასტროფიას მორიდებია. მეამბოხე სული ცხოვრებაშიც გამოაჩინა და შემოქმედებაშიც.
 პროტესტი ცხოვრების წესში. პროტესტი ფორმაში.  ყველგან პროტესტი დრომოჭმული სტერეოტიპების წინააღმდეგ.
 ერთგან ასეთ საოცარ რამეს იტყვის:

,, ,ჟამი სულისა და ხორცის გაყრის,დამდგარა-
შენთან საუბარს ვბედავ.
მეისტორიე სახეში მაყრის-ნაგავს და ძმაო,ვერაფერს ვხედავ.
აქ წყეულ გზაზე სხედან მგლები და კაბინეტებში სხედან ტურები.
ეჰთვალნი დამრჩა დასათხრელი და,-ლიტერატურას ვეტურტურები."

სათანადოდ რომ არ აფასებდა ქართული კრიტიკა, ამაზეც მიგვითითა. საკმაოდ მწარედ  გადაჰკრა მათრახი ,,ოფიციოზს.“

,,სულიერი დეპრესია-
თითქმის პესიმიზმი.
რაც ცუდიარენესია,
რაც კარგიასხვისი...
ცას მიაპობს ეკლესია
გუმბათით და ნისლი
გაფატრული - რენესია.
"უფლის ტაბლა" - სხვისი...
მუმლი მუხას შეესია
და წუილი ისმის:
მუმლის კბენა - რენესია,
მუხის სკამი - სხვისი...

აღარ არის ის მესია,
თუმცა კათარსისი -
მარადისი - რენესია,
ბულიმია - სხვისი...

ავტორის რეალური ცხოვრება თანხვედრილია მის ტექსტებთან. ეს ყველაზე მეტი ღირსებაა პოეტისთვის.
 და ბოლოს, თავად მისი ლექსი იტყვის ჩემ მთავარ სათქმელს:

,, ,რა უნდა გითხრათ,მართლაც მღილებო,
დრაცენას ბუჩქნოჟამ-ჟამად ხენო.
დაბადებამდე-გარდაცვლილებო,
თან ჩემს საფლავზე მობალახენო!"


პოეზია არ არის სტატიკური მოცემულობა, ის მუდმივად ვითარდება, დინამიურია. რენე კალანდიას პოეზია მომავალშია  საძიებელი.