вторник, 28 июля 2015 г.

ზაალ ჯალაღონია - ,,იდუმალმეტყველი პოეტი"(აპოლონ ადონიას პოეზია)



 აპოლონ ადონიას შემოქმედება მეტწილად კომუნისტური რეჟიმის პირობებში იქმნებოდა, თუმცა ამ ნაკადულივით თავანკარა პოეზიას, ვერაფერი დააკლო იდეოლოგიით განსაზღვრულმა ბიწიერმა აზროვნებამ, თითქოს  სრულიად სხვა სამყაროში წარმოიშვა, სხვა ღირებულებები, ღვთაებრივი გამოვლინებანი შეირწყა და შეითავსა, ამიტომაც ის ისე განირჩეოდა მაშინდელი რეალობიდან, როგორც მრუმე უკუნში გამკრთალი სინათლის სხივი. იქნებ ამადაც შეარქვა თავის ლექსთა კრებულს ,, გაელვებიდან გამომზირალი.“ პრინციპულობა, თავმდაბლობა, სიმართლისადმი სწრაფვა იყო მისი ხასიათის გამოკვეთილი თავისებურება. ეს იგრძნობა  პოეზიაში, თითოეულ ნაფიქრსა და ნააზრევში.ხასიათისეული ამ შტრიხების წამოწევა კომუნისტურ ცნობიერებაზე ამბოხებას ნიშნავდა,. იმ პერიოდში, ამგვარი სვლით სიარული ბეწვის ხიდზე გავლას უდრიდა. ეკლიანი, მძიმედ სავალი გზა, უდრტვინველად, ყოველგვარი სასოწარკვეთილების გარეშე დასძლია.  აპოლონ ადონია  ფიზიკურად  XX  საუკუნეში დაიბადა, მაგრამ  როგორც მოაზროვნე   მესამე ათასწლეულის პოეტია. სათქმელის სიახლით, გლობალური მასშტაბებით დროთა სამანებს მიღმა მდგარი შემოქმედია. პოეტი, რომელმაც ლექსში ემოცია უკანა პლანზე გადასწია  და აზრს დაუქვემდებარა იგი. როგორც თავად იტყოდა,  ,,რიოშ ცმუკვას გაადაჩვია გონება.“  მისი პოეზია ესაა, აზრისგან მიღებული ემოცია, და არა  პირიქით,- ემოციისგან მიღებული აზრი. ძველი ჩინელი ფილოსოფოსი ლაო-ძი  ასე ამბობს თავის ,,დაო-დე-ძინში“ : ,, ჭეშმარიტი სიტყვა არაა ლამაზი, ლამაზი სიტყვა არაა ჭეშმარიტი.“  სიტყვის სილამაზე ფონემურ დონეზე, აპოლონ ადონიასთვის ყოველთვის უცხო და მიუღებელი იყო. მკვეთრად გამოხატული სათქმელი, ღრმა ფილოსოფიურობა, განცდის უშუალობა,  ყოველგვარ ყალბ ეფექტებს დაშორებული წრფელი პოეზია. აი, ის თავისებურება,  რითაც ხასიათდება ეს უნაზესი სულის ლირიკოსი. იგი სულში ჩაბრუნებული მზერით ხედავდა სხვისთვის დაფარულს, ამოუცნობს. მას შეეძლო, თანამონაწილე გაეხადა ადამიანი, იმ მშვენიერი შეგრძნებებისა, რაც მას ინტუიციურად ეძლეოდა. პოეტური სიმართლეა  უმთავრესი თვისება, რაც შემოქმედს სძენს  გარკვეულ მომხივბლელობას. აპოლონ ადონია ცხოვრებაშიც პრინციპული, საოცრად სამართლიანი იყო, ამიტომაც რა ფასეულობებზეც სისხლით წერდა, იმავე პირინციპებს ცხოვრებაშიც თავგამოდებით იცავდა., ამითაც განირჩეოდა მის მრავალ თანამოკალმეთაგან:

  ,, თუნდ უმნიშვნელო ერთმა სიცრუემ,
    დაღუპვისაგან გიხსნას მაშინვე,
    მაინც არ აჰყვე ვნების სიქსუეს,
    ტყუილი არ თქვა, შვილო,
    ვაშინერს“ ...

ლირიკული პოემა,,საუბარი ერის სულთან,“ ერთ-ერთი შედევრია მისი მრავალმხრივი შემოქმედებიდან. პოეტი აქ გვევლინება, როგორც მარადიული მესიტყვე, რომელიც ერის დვრიტას აცოცხლებს, მუდმივ განახლებისკენ, დიდი მიზნისკენ მიმართავს მას. ეს შეგულიანება უწყვეტი პროცესია წარსულში, აწმყოსა და მომავალში განფენილი. აპოლონ ადონია ტკივილამდეა შეზრდილი ქართულ ფესვებს, ერის სულს ყველგან ამჩნევს, ცდილობს მიუახლოვდეს, მისწვდეს და უმკურანალოს მის წყლულებს:

 ,, შენ მელანდები ტაძრის კედლებზე,
  აცახცახებულ მზის ნაპერწკლებში.
   მინდა მოგწვდე და მოგბანო წყლული.“

 აპოლონ ადონია იდუმალმეტყველი პოეტია. წინასწარმეტყველია.  ინტროსპექციული ხილვებით გამორჩეული. მისი მართალი სიტყვა, თითქოს შიგნიდან განათებს, ტვინის ხვეულებში აღწევს და აზროვნებას გაჩვევს. პოეტის სათქმელს საოცარი ძალმოსილება  აქვს., წაკითხვის შემდეგ მაღლდები, უფრო კეთილშობილი ხდები, ვიდრე წაკითხვამდე იყავი. ადამიანის ტვინი ამოუცნობი მოვლენაა, მის  შრეებში თვლემს პოტენციური ღვთაება., ნიცშეს სიტყვებით ,,ზეკაცი“, ბრძენი ადეპტი, ოღონდ მთვლემარე., ზეცნობიერს გაღვიძება ესაჭიროება. ამიტომ აქცევს პოეტი გამორჩეულ ყურადღებას თავის ლირიკაში ადამიანის ტვინს, რითაც თითოეული ჩვენგანის , შინაარსება მოქსოვილი“:

,, როგორც ეტყობა,
თვით მზეთამზესაც
უჭირს ძალიან
ეს თავის ქალა
შიგნიდანვე რომ გაანათოს
და გაანათლოს...

 შიგნიდან განათება ნიშნავს, ადამიანური ვნებების მოთოკვას, როდესაც ტვინში აღძრული წმინდა ფიქრი მართავს სხეულს. ხილვითი ინიციაციის გამოვლინებაა ამ საოცარ ლექსში,  პოეტს ენიშნა, რომ ხვალ ადამიანის თავის ტვინიდან მზე ამოვიდოდა.  ქრისტოლოგიაში მზის ორგვარი სახე არსებობს,  ფიზიკური და სულიერი მზე. სულიერი მზე, იგივე ქრისტეა, უფალია. ადამიანის ტვინიდან შობილი მზე კაცობრიობის გაკეთილშობილების, პიროვნების გაღვთიურების მაუწყებელი ნიშანია.  აი,ეს საკვირველი ლექსიც:

 ,, შეღამებისას მივაპყარ მზერა
აღმოსავლეთის მდუმარე არეს:
ხვალ მზე ამოვა ადამიანის
თავის ტვინიდანმანიშნა ზეცამ.

 ბუნების ჰარმონიის რღვევა მიუტევებელი ცოდვაა, რასაც ადამიანი ველური აღტკინებით აკეთებს. ასეთი მიდგომა საფუძველს აცლის სამყაროს და დაშლა- რღვევისკენ მიაქანებს მას. ბუნებასთან შეჯიბრი კაცობრიობას უმთავრეს საქმედ გადუქცევია, თერმობირთვული ენერგიით ცდილობს მის მართვას. პოეტი კი ასე გვაფრთხილებს:

,, მთებში წმინდაა ეს ჭანისწყალი,
სხვა მინარევი ამღვრევს გზაშივე;
არ აამღვრიო ბუნების თვალი,
ბუნების სულის ნჯღრევა
ვაშინერს“...

  XIX- საუკუნიდან გაუჩნდა ბზარი სამყაროს მთლიანობას. ქაოსმა, უწესრიგობამ მოიცვა იგი. აჩქარებულმა რიტმმა თავის წრე-ბრუნვაში ჩაითრია თითოეული ადამიანი.  უსულგულო ტექნიციზმმა სულიერი კავშირები დაარღვია, მორალურ-ეთიკური მიმართება საგნებისა და მოვლენებისადმი უხეში,  არაჰუმანური გახადა. პოეტი სამშობლოს გაუხარელ ყოფას პირადი ტრაგედიის სიმწვავით განიცდიდა., გულს უკლავდა თანამედროვე მსოფლიოში დაწყებული ადამიანურობის, ხელოვნების გაუფასურების დამღუპველი პროცესი. სამართლიანად კიცხავდა კაცობრიობას იმის გამო, რომ  უარი თქვა სულიერ კულტურაზე და უკულტურო ცივილიზაციისკენ აიღო გეზი. მანქანურ აზროვნებას დაუქვემდებარა ტვინის შრეებში დალექილი მეხსიერება, რაც ,,ძლევის იმპულსის“ აღზევებას უწყობს ხელს. პოეტი მიხვდა იმ ჭეშმარიტებას, რასაც ბევრი ვერ აცნობიერებს. ადამიანი იქ შეჩერდა, სადაც ღვთიური მადლი არ არსებობს, სადაც ღვთის ნება არ ნებელობს. ეს კი მხეც-კაცობის გზაა. აპოლონ ადონია კი ის პოეტია,  რომელმაც თავის ცნობიერში დაამარცხა ქვენა ინსტინქტები, ჩაკლა მხეცი და შესაქმისეულ წრე-ბრუნვაში თავისი კუთვნილი სახე მიიღო:

,, გამოვეყავი ცხოველურ საწყისს,
  ჩემი ღირსი სახე მივიღე,
  ადამიანად დავაჩნდი მიწას“.



Комментариев нет:

Отправить комментарий