პოეზია თავისი ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა, ეპოქებიც იცვლებოდნენ, ყოველ დროს თავისი სათქმელი და საზომები შემოჰქონდა. სხვანაირად იაზრებდა მოვლენას, სხვა თვალით აღიქვამდა საგანს. ეს ჩვეულებრივი პროცესი იყო, რომელიც ავსებდა და აახლებდა პოეტურ ბუნებას.
საზოგადოებრივ ყოფიერებასა და ცნობირებაში ფეხს იკიდებდა დროისა და ეპოქის შესაფერისი პოეტური აზროვნება, ერთგვარი კორექტივი შეჰქონდა ყოველ თაობას, თავისი მისწრაფებებისდა მიხედვით უცვლიდა სახეს თუ შინაარს.
პოეზია ხელოვნების დარგია და მიუხედავად მისი ცვალებადობისა, მას გააჩნია, შეიძლება ითქვას, დოგმად ქცეული კანონები,რომელთა გადახალისებაც კი მთლიანად ცვლის პოეტური ნიმუშის სტრუქტურას, ამასთანავე, ებრძვის საზოგადოებისათვის ღირებულ ტრადიციას, ასეთ შემთხვევაში, ახალი ვერსიფიკაციისადმი უნდობლობის გამოხატვა საზოგადოების მხრიდან ტრადიციისადმი დიდი ერთგულებითა და სიყვარულით აიხსნება.
შემოქმედება თვისობრივად სიახლისკენ სწრაფვაა, შემოქმედი ადამიანი სიახლის მძებნელია. იგი მუდმივ წრებრუნვაში იმყოფება, მის სურვილის მიუხედავად, ის ყოველ ნაბიჯზე ერთფეროვნებას აწყდება, მაგრამ ერთ დღეს, მარადიულ წრეს გადადის და ასტრალური სივრცისკენ გაიჭრება სიახლის მძებნელი. ეს იმპულსი შინაგანად დევს ხელოვანის ბუნებაში. ამდენად, სიახლისკენ ეს მისწრაფება შეიძლება გამოვლინდეს ვერსიფიკაციაშიც.
სწორედ სიახლისადმი ასეთმა დამოკიდებულებამ წარმოშვა ვერლიბრი ანუ თავისუფალი ლექსი, რომელმაც რის ვაი-ვაგლახით მოაღწია ჩვენამდე და დღეისათვის ძლივს დაიმკვიდრა ადგილი ქართული პოეზიის სივრცეში., რაც შეეხება საზღვარგარეთ, ვერლიბრმა უმტკივნეულოდ დაიკავა უმთავრესი ადგილი,უფრო მეტიც, უპირატესობა წაართვა ტრადიციულ ლექსს. ეს პროცესი მოხდა ნაწილობრივ გერმანიაში, ავსტრიაში, ინგლისში,ყველაზე მძაფრად გამოვლინდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში ვერლიბრმა ამ სიძლიერით და სიმყარით ვერა და ვერ მოიკიდა ფეხი. ამას სხვადასხვა მიზეზები განაპირობებდნენ.
ვერლიბრზე მსჯელობისას ზოგი ლიტერატორი დღესაც გამოთქვამს მცდარ მოსაზრებას, თითქოს ვერლიბრს არ აქვს რიტმი, თითქოსდა ეს ლექსი საერთოდ არ არის პოეზია და ის წარმოადგენს პროზაულ ელემენტს, ანუ პოეზიის გაპროზაულება ხდება. სინამდვილეში, ვერლიბრს აქვს შინაგანი რიტმი, რომელიც საოცრად ემოციურია, საწყისშივე მუხტავს მკითხველს, მის შინაგან შრებში სიმძაფრე და დინამიკა იგრძნობა, თითქოს დრო და სივრცე ხელშესახები ხდება. ასევე ამ ლექსს გააჩნია, გარეგანი რიტმიც, რომელიც ტრადიციული ლექსის რიტმს არ ჰგავს, მაგრამ მისი არსებობა უდავოა.
ლექსში ტაეპებისა და სტროფების შემადგენელი ნაწილები რიცხვობრივად ერთმანეთს არ ემთხვევა, როგორც ტრადიციულ ლექსში, მაგრამ აქ რიტმის ორი სახე ერთიანდება და ქმნიან რიტმების ჯაჭვს, რაც ხელს უწყობს რიტმის დინამიკურ მდინარებას.
გარეგანი და შინაგანი რიტმი ერთად თავსდება, რაც ჩვენ არ გვაქვს კლასიკურ ლექსში. სწორედ ამიტომ, უფრო მძაფრია ვერლიბრის რიტმი. როგორც ამერიკის უდიდესი პოეტი თომას სტერნზ ელიოტი ამბობდა:,, ვერლიბრში უნდა შეინიშნებოდეს რიტმული ლანდი მაინც“, ეს რიტმული დაფარული სიდიდე განაპირობებს მძაფრ დამუხტვას, ფიქრის უჩვეულო მდინარებას.
ვერლიბრის სტროფთა და ტაეპთა შემადგენელი ნაწილები, ერთმანეთს შეეფარდებიან არა როგორც 1: 1, არამედ- 1: 3 ან 1: 4 ესეც თავისუფალი ლექსის ბუნებიდან გამომდინარე ხდება.
ასევე რიტმის გამოკვეთაში დიდ როლს თამაშობს განმეორებები სინტაგმებისა, ფონემებისა, ალიტერაცია, ფრაზების ემოციური დამუხტვა, ალოგიკური შედარებანი, განცდათა სიუხვე, ასოციაციური რკალი და სხვა. რაც შეეხება რითმას? თავისუფალმა ლექსმა რითმა ამოაგდო როგორც ძირითადი საშუალება ლექსისა. ტრადიციული ლექსი, არ არსებობს რითმის გარეშე, წარმოუდგენელია მისი მოაზრება ამ კომპონენტისგან დამოუკიდებლად, რითმა მისი მიზანია და იყენებს მთლიანად.
თავისუფალი ლექსი არა რის რითმაზე დამოკიდებული, იგი მისთვის მიზანს არ წარმოადგენს, არის მხოლოდ საშუალება, ამიტომაც აქ -იქ გაელვებული რითმა თავისუფალ ლექსში ღარიბია, მაგრამ მას გააჩნია დიდი ეფექტი, ის იქ შემოვა, სადაც მას არ ელოდება მკითხველი. ამდენად, თავისუფალი ლექსის რითმა უფრო მძაფრია და მოულოდნელი.
ვერლიბრში რითმის გაელვება დიდად მომგებიანია, საჭირო კომპონენტსაც წარმოადგენს. ეს მომენტი იმ შემთხვევაშია საჭირო, როდესაც სტროფებში რიტმი დუნდება, შინაგანი რიტმი ვერ ახერხებს შეერწყას გარეგან რიტმს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა რითმის ფუნქციის აღდგენა, რათა შემოვიდეს რითმა თავისუფალი ლექსის სტრუქტურაში. ამით იმის თქმა კი არ გვინდა, რომ თითქოს ვერლიბრი ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას რითმის ფუნქციის აღდგენის გარეშე, ან მას მხოლოდ რითმა ეხმარება მკითხველზე ზემოქმედებისას. რა თქმა უნდა არა, ჩვენ არ დაგვავიწყდეს, რომ თავისუფალმა ლექსმა რითმას ანგარიში გაუწია, არ ამოაგდო მთლიანად. ვერლიბრმა რითმას არ მიანიჭა ძირითადი მნიშვნელობა, არ აქცია თავის მიზნად, მისთვის ეს კომპონენტი გახდა არა მიზანი არამედ, საშუალება.
ზემორე ხსენებულის გარდა, ვერლიბრი დიდ ადგილს უთმობს ინვერსიას, ინტუიციურ მახვილს და ცეზურათა პაუზებს. მსჯელობიდან იკვეთება, რომ ვერლიბრი იმ პრინციპებით სულდგმულობს, რაც გააჩნია კლასიკურ ლექსს. აქედან გამომდინარე, გადაჭრბებულია, ის უარყოფითი შეფასებანი, რომელიც ვერლიბრმა დაიმსახურა ზოგიერთი ჩვენი კრიტიკოსის მხრიდან. რა თქმა უნდა, უარყოფითი დამოკიდებულება ამ ვერსიფიკაციის გამო.
თავისუფალმა ლექსმა რადგანაც დაიმკვიდრა სახელი, როგორც ტრადიციული ლექსის უარმყოფელმა, ეს როდი ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ლექსი ყველაფრისგან მოშვებულია, თავისუფალია და რაც მას მოეპრიანება,( ამ შემთხვევაში პოეტს) იმას შემოიტანს ვერსიფიკაციის ამ სახეობაში. თვითნებობაში გადაზრდილი ვერლიბრი არ არსებობს. ეს არის პოეტური განცდისა და ფიქრის გამოსახატავი ერთ- ერთი ახლებური სალექსო ფორმა, რომელიც ფორმისეული ძიებებით, ტრადიციული ლექსისგან განსხვავებული ხერხების დაუფლებით თვითმიზნურად, სულაც არ არის დაკავებული.
არსებობს თემა, იდეა, ფიქრი, რომელიც განსხვავებულ შემოქმედებით მიმართებას საჭიროებს, ამა თუ იმ მოვლენას, ფაქტს, ვერ მოარგებ ტრადიციული ლექსის ჩარჩოებს. თავისებური ბუნებისაა ვერლიბრის ფორმით მოცემული სათქმელი. განასაკუთრებით, ეს მონოლოგობში მჟღავნდება, როდესაც კონვენციური ლექსი ვერ ახერხებს იმ სიძლიერით მონოლოგების შემოყვანას სტრუქტურაში, როგორც ამას აკეთებს თავისუფალი ლექსი.
ვერლიბრს თავისი ასახვის სპეციფიკა აქვს, კლასიკურ ლექს თავისი. არ შეიძლება ან ნაკლებ ეფექტურია ექსპრომტი თავისუფალი ლექსის სტრუქტურის გათვალისწინებით დავწეროთ, ასევე უფერული იქნება რამდენადმე პეიზაჟური ლირიკის შესაქმნელად, წამიერ განწყობილებაზე ვერლიბრი გამოვიყენოთ. თუმცა ესეც პირობითია, ამიტომ თავიდანვე, რომელი ფორმა გვაძლევს სრულყოფილ ნიმუშს დილეტანტიზმია. სრულყოფილი პოეტი ორივეს მშვენივრად ახერხებს. ერთი კი ცხადია, უნიჭობა უფრო კონვენციური ლექსით იფარება, რითმების შემოყვანით. ვერლიბრთან კი მთლიანად შიშვლდება ლექსი,მას ვერაფერი გადაფარავს. პოეზიის დეფიციტიც სახეზე იქნება. როდესაც ლექსს განვიხილავთ, ვაფასებთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავინახოთ, თუ რამდენად არის მასში პოეზია,მუსიკით
ან შეწყობილი რითმებით, ის ჭეშმარიტი პოეზია
ვერ გახდება. პოეზიის არსს სხვა რამ ბადებს ლექსში,რითმა,მუსიკა ყველაფერი გარეგნული
სამოსია, რომელიც აუცილებლად გახუნდება.გაუხუნარი მხოლოდ,არსია პოეზისაა, რაც ყოველგვარ
გარეგნულს გამორიცხავს.
ვერლიბრში უნდა მოქმედებდეს ასევე
აზრობრივი ქვეტექსტები, ასოციაციური რკალი, ალოგიკური შედარებანი და სხვა.
არ ცერთი შემოქმედი წინასწარ იმაზე არ ფიქრობს, თუ რა ფორმით მიაწოდოს მკითხველს თავისი სათქმელი, კლასიკური ფორმით თქვას, ის თუ ვერლიბრით. პოეტი იმანენტურად, იმპულსურად დამუხტვისთანავე პოულობს შესაფერისი განცდის გამოსავლენ სახეს.
როგორც დავინახეთ, ტრადიციულ კონვენციურ ლექსსა და თავისუფალ ლექს შორის ურთიერთობა არ უნდა იყოს ანტაგონისტური, პირიქით, მათ შორის უნდა სუფევდეს ჰარმონიული ურთიერთობა, რადგან ისინი ერთმანეთს ავსებენ.
თავისთავად იბადება კითხვა: რატომ ვერ მოიკიდა ფეხი თავისუფალმა ლექსმა ჩვენს პოეზიაში საიმედო სიმყარით. რა იყო ის ფაქტორი, რომელმაც ხელი შეუშალა ამ პროცეს. ამ საქმეში მოქმედებდა რამდენიმე ფაქტორი. განვიხილოთ თითოეული.
1) ჩვენს სინამდვილეში დიდი იყო გავლენა ხალხური პოეზიისა. ქართულმა ფოლკლორმა მყარად გაიდგა ფესვები ერის მეხსიერებაში. უდიდესი სიყვარულით სარგებლობდა ხალხური შაირი. ,,ლექსი ვეფხისა და მოყმისა „ რად ღირს.
ხალხური პოეზიის ასეთმა უაღრესად ორგინალურმა ბუნებამ თავისი ზეგავლენა მოახდინა ქართულ პოეტურ ცნობიერებაზე. აღნიშნულმა ტენდენციამ თავი იჩინა ვერლიბრის დაბადებისთანავე, ისიც უნდა აღინიშნოს რომ ჩვენში ხალხური სიტყვიერება უმაღლეს დონეზე განვითარდა, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენი ფოლკლორი, ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიო სივრცეში არსებულ სიტყვიერებათა შორის.
2) ფაქტორი ეს იყო,,,ვეფხისტყაოსნის უდიდესი ზეგავლენა, რომელმაც მანამდე შექმნილი ყველა და ყველაფერი დაჩრდილა. ეს იყო უდიდესი სრულყოფილება პოეტურ აზროვნებაში. შოთა რუსთველის გენიამ ქართული სიტყვის ძალმოსილება დაანახა მთელ მაშინდელ მსოფლიოს. მან გასაოცარ სიმაღლეზე ატყორცნა პოეტისა და პოეზიის პოტენციალი. ბიბლიასთან ერთად რუსთველის ეს უჭკნობი ქმნილება გზას უნათებდა და სულიერად აყალიბებდა ქართველი ერის ინდივიდუალურ სახეს.
3) მსჯელობისას არ უნდა გამოგვრჩეს ქართული ენის მუსიკალური ბუნებაც, მისი მუსიკალურობა. კლასიკურ , ტრადიციულ ლექსში ლექსის მთავარი კომპონენტი რიტმი და რითმაა. რაც ლექსში ქმნის მუსიკას.
როგორც ვიცით, ქართული რითმის ფაქტურა მდიდარია, მან ყველა ფორმაცია გაიარა და ჩამოყალიბდა, როგორც უაღრესად მრავალფეროვანი სახე ლექსისა. ბოლორითმიანობა და თანაბარმარცვლიანობა ქმნის რიტმს, ორივე ხელს უწყობს ლექსის მუსიკალურ მომართვას.
უცხოური ენებიც თავისთავად არიან მუსიკალური ენები და ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ქართული ამ მხრივ მათ რაიმეთი აღემატება, მაგრამ მისი მუსიკალური ბუნება, მაინც უნდა აღგვენიშნა.
4)იყო ასევე უცხო ტექსტისა და ენის ბარიერი, როდესაც ჩვენი მკითხველი ვერლიბრს ნათარგმნი ნიმუშებით ეცნობოდა, სადაც ის ვერ ღებულობდა იმ სახეს, როგორიც იყო ორიგინალში.(მე უნდობლობას არ ვუცხადებ ნათარგმნ ლიტერატურას, მაგრამ ეს მომენტი აშკარად შეინიშნებოდა თავისუფალი ლექსის ქართულად გადმოტანისას.
ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტორი იყო სინამდვილე ჩვენს ლიტერატურულ ყოფაში, რომელთაც ასე გამოავლინეს თავიანთი ხასიათი ვერლიბრთან მიმართებაში.
ჩვენი მსჯელობიდან გამომდინარე ისე იკვეთება საკითხი, თითქოს ქართული თავისუფალი ლექსი უშუალოდ საზღვარგარეთიდან შემოვიდა და დამკვიდრდა კიდეც. სინამდვილეში კი საწინააღმდეგო მოვლენასთან გვაქვს საქმე.თავისუფალ ლექსს ჩვენს პოეზიაში უშორეს ხანაში მივყავართ, იგი უფრო ძველია ტრადიცულ ლექსზე, სინამდვილეში, ეს ტერმინიც მცდარია. ამას გვიდასტურებს ბიბლიის ძველ ქართული ტექსტები, ვერსიები, ქართული ჰიმნოგრაფია, ფსალმუნთა წიგნი და სხვა. ურითმო ლექსის ფორმით
არის დაწერილი გრიგოლ ორბელიანის ,, „მუშა ბოქულაძე“, საერთოდ უნდა ითქვას, რომ ეს ნიმუში
ერთ-ერთი ძლიერი სახეა ქართული ლექსისა.ამიტომაც აძლევდა ილია მას მაღალ შეფასებას. ამბობდა, რომ იგი „საუცხოო და შეუდარებელი მაგალითია
ქართული ურითმო ლექსისა. ორბელიანის ეს ლექსი უფრო ვერბლანია ანუ თეთრი ლექსი,მაგრამ
ამ ფორმით, რომ შედევრი შეიქმნა საკამათო არ უნდა იყოს.
ის რომ დღევანდელი მკითხველი ცოტა ამრეზით უყურებს ასეთ ტექსტებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სინამდვილეში ასეა, ან ქართული ბუნებისთვის უცხო იყო იგი. ატენის სიონის კედელზეც კი არის ამოტვიფრული ლექსი, რომელსაც რითმა არ გააჩნია. უძველესი ნიმუშებია. ამდენად, ქართული ენის ბუნებრივ პროსოდიას ყოველთვის ერგებოდა ეს სალექსო ფორმა.
საგულდაგულო ანალიზისას გაირკვა, რომ ქართული თავისუფალი ლექსი უძველეს დროიდან მოდის და მისი საფუძველი სრულიადაც არ არის საზღვარგარეთის ლიტერატურაში საძიებელი.
ქართულ ვერლიბრს ფესვები უშორეს ხანაში აქვს გადგმული და მის საფუძველთა-საფუძველს ქართული ჰიმნოგრაფია წარმოადგენს. ასევე ის ხმით ნატირალები, რომელთაც ჩვენს ფსიქიკაში და ყოფაში ყოველთვის წარმმართველი მისია ეკისრათ.როგორც მთიბლურებს, ასევე ნატირალებს, რომლებიც ცხრამარცვლიანია, ხშირად არა აქვთ რითმა. ხევსურულ პოეზიაში გავრცელებული ე.წ. ,,სიმღერე” დაბალი შაირის საზომით (5+3) არის შესრულებული, ,,შაირები” კი - მაღალი შაირით (4+4). სვანურ ლექსშიც უპირატესობას აკუთვნებენ მაღალ შაირს (4+4); რითმა კი სვანურ პოეზიაში გამონაკლისის სახით არსებობს. ამიტომ სტროფიც, ჩვეულებრივი გაგებით, არა გვაქვს. ძველი ქართული მწერლობის ისტორიის მანძილზე, V საუკუნიდან მოკიდებული ვიდრე XVIII საუკუნემდე, ქართულ მწერლობაში მიღებული ყოფილა სამი სახეობა ქართული ლექსისა, რომლებიც თავისი წყობით, მეტრულ-რიტმული სტრუქტურით არსებითად განსხვავდებიან ერთიმეორისგან, ესენია:
1) სილაბური მუხლედოვანი ლექსი ანუ ძველი ქართული კლასიკური ლექსი.მისი უმაღლესი, სრულყოფილი სახე ჩვენ გვაქვს შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაში-,,ვეფხისტყაოსანი“.
2) სილაბური.უკვეთელი ლექსი ანუ ძველი ქართული თავისუფალი ლექსი- საგალობელთა ,,მარცვლედი“. იგი მიღებული იყო ძველ ქართულ ჰიმნოგრაფიულ პოეზიაშიV-XVIII საუკუნებისა, რომლის უდიდესი, წარმომადგენელია გრიგოლ ხანძთელი.
3)წყობილი სიტყუა რიცხუედი. ძველი ქართული თავისუფალი უმარცვლედო ლექსი, შინაარსობლივ ტაეპობრივი რიტმიკით.
როგორც ვხედავთ, ქართულ პოეზიაში ერთდროულად სამი სახის სალექსო ფორმა არსებობდა, მაგრამ მათ შორის მშვენიერი ურთიერთობა სუფევდა, ისინი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდნენ. არსებობდა ქართული კლასიკური ლექსი და ასევე თავისუფალი ურითმო ლექსი. მათში უპირატესობა არც ერთს ენიჭებოდა. , მადლიანი შემოქმედის ხელში ორივე მშვენივრად ერგებოდა ამ თუ იმ თემას და იდეას. სასულიერო მწერლობაში გამოიყენებოდა თავისუფალი, ურითმო ლექსი, რითმით კეკლუცობა არ იყო მიზანშეწონილი.
X-X საუკუნის უდიდესი მეცნიერი, მკვლევარი პავლე ინგოროყვა აი რას ამბობს თავისუფალი ლექსის რიტმის შესახებ.: ,,ჰიმნოგრაფიული ტექსტების კითხვის დროს ჩვენ შევნიშნეთ გარკვეული რიტმულობა საგალობელთა, თუმცა ეს რიტმი არა ჰგავდა ჩვეულებრივი დღემდე ცნობილი ქართული ლექსების რიტმს, საგალობელთა რიტმი იგრძნობოდა, როგორც ბევრად უფრო რთული და ამასთან ერთგვარად უფრო დინამიურიც, ვიდრე რიტმი ჩვეულებრივი ქართული ლექსებისა“.( 1პ. ინგოროყვა ტ III ,,ძველი ქართული პოეზია V-X საუკუნეებში“ გვ 55.)
ამის თაობაზე უპრიანი იქნება მოვიხმოთ დიდი მეცნიერის აკადემიკოსი კორნელი კეკელიძე, რომელიც ამტკიცებდა, რომ ძველი ქართული ჰიმნოგრაფიის ძეგლები, ,,იამიანთა“ ვითომ ეს არის ,,უბრალო პროზაული ჰიმნები“ არავითარ ზომას და კანონს არ ემორჩილებიან.
2. კ კეკელიძე ,,ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“ გვ 56. ეს მცდარი შეხედულება ,იქიდან მომდინარეობს, რომ ძველ ხელნაწერებში ლექსები იწერებოდა არა იმ სახით, როგორც ის დღეს არის, არამედ იწერებოდა გაბმით, პროზის მსგავსად. სწორედ ამას მიაქცია ყურადღება პავლე ინგოროყვამ და თავისუფალი ლექსის რიტმიკით დაადგინა, რომ აღნიშნული ნაწარმოებები გამართულ ლექსებს წარმოადგენდნენ.
ქართული ჰიმნოგრაფია და დღევანდელი ვერლიბრი რა თქმა უნდა, ხასიათით ერთმანეთს არ ჰგვანან, მათი დაინტერესების საგანს სულ სხვა რამეები წარმოდგენს, მაგრამ ვერსიფიკაციის მხრივ, ისინი ძალიან ახლოს დგანან ერთმანეთთან. ჰიმნოგრაფია შეზღუდული იყო ფანტაზიის მხრივ, ის გარკვეულ ჩარჩოებში ექცეოდა. გამოსახვის ხერხები, ფერები უფრო ძუნწი უნდა ყოფილიყო. რადგან ის ძირითადად მიემართებოდა ღმერთს, ქრისტეს, სულიწმიდას, მარიამ ღვთისმშობელს, წმინდანებს. ყველაფერი ქრისტიანულ ჭრილში ჩანდა, ანალიზიც ამ სახის იყო. დავით აღამაშენებლის ,,გალობანი სინანულისანი“ დიდი მონანიების ამსახველი ძეგლია, რომელიც პოეტი მეფე, ღვთაებას აღუვლენს, ამოთქვამს. იგივე აღსარებაა უფლის წინაშე. ასეთი მკაცრი განსაზღვრა ჩვენ არ გვექნება თანამედროვე თავისუფალ ლექსში, მაგრამ რიტმიკის გამოყენება და ურითმოდ სათქმელის მიწოდება მკითხველისთვის იგივე ხერხებით ხდება. ამ ჭრილში ისინი ერთ განზომილებაში უნდა მოექცნენ.
ქართული ვერლიბრი არ წარმოშობილა პროტესტის გამოსახატავ ფორმად. მაგ ამერიკის შეერთებულ შტატებში ის პროტესტის ერთგვარ ფორმას წარმოადგენდა. კომუნისტობის ხანაში აქაც შეიმჩნეოდა მეტნაკლებად ეს მომენტი, მაგრამ არა ისეთი სიმკვეთრით, როგორც ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოვლინდა.
ამიტომაც ქართული ვერლიბრი განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნების ვერლიბრისაგან. მან როგორც აღვნიშნეთ, მრავალი რამ შემოიტანა უცხოური, მაგრამ თავის ტრადიციას მთლიანად არ მოშორებია.
იკვეთება, რომ ქართული თავისუფალი ურითმო ლექსი V საუკუნიდან არსებობდა ჩვენს მწერლობაში და მან მრავალი ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ კატაკლიზმებს გაუძლო, XVIII საუკუნემდე მოაღწია თავისი სრული სახით. შემდეგ უცხო ქვეყნების ლიტერატურული ზეგავლენა განიცადა. დღეს თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს ფორმა ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი სახე. ვიმედოვნებთ, მომავალში, ის კიდევ უფრო დაშორდება უცხოურ ვერლიბრს, რადგან მას ზურგს უმაგრებს მდიდარი ქართული ფოლკლორული თუ ჰიმნოგრაფიული ტრადიციები..
Комментариев нет:
Отправить комментарий