ემპირიულ სასრულობაში ცხოვრობს პოეტი, გარკვეულ გეოგრაფიულ და კულტურულ სივრცეში. როგორ აისახა ეს მომენტი მის ცნობიერებაში? “სამგლეთი”,_ აი, როგორ.
მაშ ასე, ავტორი “სამგლეთში” მყოფობს. და რაა სიცოცხლე მისთვის?
“სიცოცხლე გარეკანია სიკვდილისა,
რომელიც უნდა გადავიცვათ და
ასე მოვეჩვენოთ ერთმანეთს”,_ გვეტყვის ის.
გარკვეულ კონკრეტულ სივრცეში ცხოვრობს პოეტი, მაგრამ მისი ბინაა მთელი პლანეტა და ამიტომაც შეუძლია თქვას:
“ცა თვალებივით ამტკივდა,
გული _ მიწასავით.”
ეს არ ნიშნავს იმას, რომ თვალსაწიერდან საკუთარი მამული დაეკარგოს. პირიქით, ავტორს არ ტოვებს განცდა, რომ მხრებით მოაქვს თავისი სამშობლო. გასაგებია, რა სატკივარიც აწერინებს ლექსს “დიდგორის მხედარს”.
ხოლო “მეორე მე”_ს დაარქმევს ლექსს და იტყვის:
“ჩამჩურჩულებს ვიღაც ჩია,
სიტყვა მიდგას კარავად.
იმას ჩემი სული შია,
ძაღლი უყეფს ქარავანს.
დღისით, ღამით სულ ჩემშია,
მაგრამ მე ის არა ვარ.”
ასე ებრძვის იმ მიწიერს, საზრისს მოკლებულ მოცემულობას, მის არსებაში რომ მყოფობს და მუდმივად ქვე ეზიდება ზესკნელისაკენ მიმართულ სულს.
ხოლო პოეზია მის არსებაში განივთდება, როგორც სასწაულებრივი მზე, რომელიც ლექსის კვარით ახლა სხვებში უნდა აანთოს:
“მთელ სიცოცხლეს მერჩია
ის, რაც ზეცამ გამანდო.
ეს მზე ახლა ჩემშია,
გინდა შენშიც ავანთო?”
გვინდა, ზაალ, გვინდა!..
ხოლო ეს კრებული როგორ გაჩნდა?
შარშან ტარდებოდა შეხვედრა მასთან. გადავათვალიერე გამომსვლელთა სავარაუდო სია. მივხვდი, ეს იქნებოდა “ხოტბა-სადღეგრძელოების” აღვლენა. გამოვემშვიდობე ავტორს, სამერმისო ლექსები ვუსურვე და დავთქვით, ორ თვეში მომაწვდიდა ლექსებს, რომლებსაც თვითონვე გადაარჩევდა მკაცრად, მე კი დაბეჭდვაზე ვიზრუნებდი.
ასე იშვა ეს კრებული.
აქ ყველაფერი უცებ გასაგები და მარტივი როდია.
...და რაც მარტივია, უბრალო და უმნიშვნელო როდია. ...და რაც რთულია, უცებ თავმისანებებელი როდია.
ერთად ვიფიქროთ ზაალის ლექსებზე, მკითხველებო!..
Комментариев нет:
Отправить комментарий