понедельник, 4 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - ხოჭიჭი-აკვნის ერთ-ერთი სახეობა

          


აკვანი (მეგრ. არკვანი, სვან. აკავანი), ჩვილის საწოლი. ძველთაგან გავრცელებული ევროპა-აზიის ზოგიერთ ხალხებში. აკვანი არის სარწევი ან საქანებელი. სარწევს საგოგავები აქვს, საქანებელი კი თოკებზეა ჩამოკიდებული. აკვნის პრიმიტიული სახეობაა ე.წ. ხოჭიჭი — საგებლიანი ფიცარი. ნამდვილ აკვანში ჩაწვენამდე ჩვილს ხოჭიჭში აკრავდნენ, ზოგჯერ კი ზანდურის (პურეულის) ღეროებში ახვევდნენ და არტახებით ძნასავით კრავდნენ. ამგვარ საწოლს ფირცხი ერქვა. საქართველოში გავრცელებული ჩვეულებრივი სარწევი აკვნის მოწყობილობაში შედის ნალი, საბანი, მუხლთბალიში, საფერხები, სამხრეულები, საბეწურები, არტახები და სხვა. ლეიბში სათანადო ადგილზე ამოჭრილ ჰიგიენურ ნახვრეტში უყრიან შიბაქს ან აფენენ ბუერის, ანწლის, ღოლოს სუფთა ფოთლებს.

ავი თვალისაგან ბავშვის დასაცავად, ხალხური ჩვეულების მიხედვით, აკვანზე კიდებდნენ ავგაროზებს. უშვილობის ან ბავშვის ავადმყოფობის დროს ხატს პატარა აკვანს სწირავდნენ.

ჩემი ყურადღება მიიქცია პრიმიტიული აკვნის სახეობამ, რომელსაც მესხეთში ხოჭიჭი ეწოდება.
ახალშობილის დროებითი საწოლი (ჩვილს ხის, უპირატესად, ფიჭვის ან ნაძვის ფართო ქერქზე დააკრავდნენ, რომ ძილისას ან ტარებისას ხერხემალი არ გამრუდებოდა) ,,მეგრული ლექსიკონი“ -ალიო ქობალია. 2010 წ.

როგორც ვხედავთ და ფონემების ჟღერადობა და მათი სემანტიკა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ხოჭიჭი, მეგრულ–ზანურ სიტყვად მივიჩნიოთ. ახლა შევეცადოთ მისი სემანტიკაც გამოვიკვლიოთ. ხოხუა – მეგრულად ჩოჩვა, როდესაც  უ –ადგილას ჯდება ვ- ვღებულობთ ხოხვას. ასევე არის ტერმინი მეგრულ ენაში ხოხუ, რომელიც მცოცავს, მიწაზე მყოფს აღნიშნავს, აქ არის უმთავრესი ის, რომ ჭიჭე მეგრულ ენაზე პატარას ნიშნავს, აქედან ჭინჭილა, ჭინჭრაქა და მრავალი სხვა. მესხეთ–ჯავახეთში (ახალშობილ )ბავშვს პირველად ხოჭიჭზე აწვენდნენ.(კაპანაძე) ხოჭიჭის მნიშვნელობა, სემანტიკა ასე უნდა გავიგოთ- პატარისთვის განკუთვნილი საღოღავი, სახოხავი რამ ან შესაძლებელია, ის აღნიშნავდეს,  ბაკანს,უხეშ კანიანს,მაგ,ხოჭი მეგრულად არის მაგარ კანიანი,ხეჭეჭი.ხოჭოს მწერს, სწორედ კანის თვისების გამო უნდა დარქმეოდა სახელი . ჩვენი  მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ხოჭი,ხოჭიჭი, თუმცა სიტყვის სემანტიკა აშკარად მიუთითებს იმაზე რომ მასში აუცილებლად უნდა მოიაზრებოდეს პატარისთვის განკუთვნილი ხორკლიანი,ბაკნიანი საწოლი.

ზაალ ჯალაღონია - ოჯალეში მეგრული ყურძნის ჯიში

            


,მთელი სამეგრელო მოფენილია ხშირად ბადესავით გაბმულ–გამობმული ვაზებით, რომელიც ერთი ხიდგან მეორე ხეზედ გადასულია,ან მაღლაა წასული...ამ სერებზედ მოდის განთქმული ოჯალეშის ღვინო,რომელიც სიკეთით კარგს კახურს ღვინოს ძირს არ ჩამოუვარდება. ოჯალეშის ღვინოს აყენებენ ერთი გვარის ყურძნისაგან, რომელსაც მეგრელები ,,სვანურს" ეძახიან.

იაკობ გოგებაშვილი

საინტერესოა რატომ ჰქვია მეგრულ ჯიშს სვანური. ჩვენი ისტორიკოსები,ლინგვისტები, ამ ეტიმოლოგიას სვანურს უკავშირებენ და იმასაც ამბობენ, რომ ოჯალეში სვანური ჯიშიაო, რაც აბსურდია. ოჯალეში სვანური ჯიში, რომ იყოს, რატომ არსად არ ხარობს იგი სვანეთში?. ზემო სვანეთში, რომ ვაზი ვერ იხარებს ამაზე არავინ შემოგვედავება, მაგრამ ლენტეხშიც შეუძლებელია ოჯალეშის მოყვანა. მაშ რა ხდება? ოჯალეშის ამ სახეობას მეგრელები ეძახიან მაღლარს, ის რაც ხეზე უნდა იყოს აუცილებლად. შონური აქ არ ნიშნავს, სვანურს და რაიმე კავშირს ამ ქართველურ ტომთან. მეგრულად სვანი- შონია. ხოლო შონი ნიშნავს შუმერულად ვაზის ღმერთს და ვაზის ღვთაებასაც.. თავად სვანი ბერძნულის გავლენით დამკვიდრდა ქართულ ენაში. თავიდან იყო შონი,შუანი,სუანი, სვანი. . ქართულ ენაში შ ასო გვაქვს, მაგრამ შონი, შვანი მაინც ს–დ იწერება. ეს არის სწორედ ბერძნული ენის გავლენა. ამდენად ოჯალეშის ვაზი არის კოლხური, მეგრული ჯიში და მას სვანურთან არ აქვს კავშირი. . მეგრულ ენაში შონგორო, ნიშნავს- შავს, შავგრემანს. შონი ამ შემთხვევაში არ ნიშნავს ჩვენს კუთხეს, მხარეს სვანეთს ზოგადად.. ოჯალეში არის კოლხური, მეგრული ჯიში, შავი შეფერილობის ყურძენი, ამიტომაც, ის არის შონი,შონა, შონგორო. ამ მხრივ ასევე საინტერესოა, მეგრულ ენაში დამკვიდრებული ყვავილ-ბატონების ერთ-ერთი სახელწოდება მაგ შონპატონეფი. ასევე შავ ჭირსაც, სამეგრელოში იგივე სახელი ერქვა. შონი მუდმივად სიშავესთან არის კავშირში. თანაც მეგრულში მას ჰქვია არა შონი, არამედ შონა, რაც შავს ნიშნავს. გვაქვს ორი მონაცემი, რომელიც სარწმუნოა და გასათვალისწინებელი, შონი, როგორც შუმერული ვაზის ღვთაება , ღმერთი და მეგრული შონა- სიშავესთან დაკავშირებული. ჩვენ ამ უკანასკნელს მივიჩნევთ სარწმუნოდ, უფრო მეტიც, არც გვეეჭვება აქედან მისი წარმომავლობა. ასევე საინტერესოა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ ადგილს სოფლისას, ეწოდება უჩა შონა.


пятница, 1 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - - ნაწყვეტი წიგნიდან: ოთარ ჭილაძის ,,გოდორი" (პრობლემათა სფერო)" მონოგრაფია

                

                                                   დრო- ჟამი რომანში                                                

ოთარ ჭილაძის ,,გოდორში“ მოცემულია დროის სავსებით ინდივიდუალური, ანუ სპეციფიური გაგება. ამ რომანში ერთმანეთს ენაცვლებიან წარსული და მომავალი. ასევე ვხვდებით აწმყოს, რომელიც წარსულში გადადის, ან სულაც, ცალკე იმყოფება. დაუკვირვებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ ოთარ ჭილაძის მიერ აღწერილი, თუ განცდილი დრო, ჩვეულებრივ ჟამს და მის კანონზომიერ თვისებებს სცილდება. დრო როგორც მარად მედინი ფენომენი სამყაროში არსებობს, რომელიც წრებრუნვას ასრულებს. წარსული აწმყოში გადადის, ხოლო აწმყო მომავალში. მაგრამ ეს ამ ნაწარმოებში ბუნებრივი სახით არ წარმოგვიდგება, რითაც იგი ორიგინალურ  ხასიათს და თვისებებს ინარჩუნებს.  სიმულტანური დროის ცნება შემოდის ოთარ ჭილაძის ,,გოდორში“ ეს არის, ჟამთა ურთიერთ გადასვლის მოდელი, რომელიც მარადისობის სიახლოვეს შეგვაგრძნობინებს. შემოქმედისთვის ცალკე აღებული და მითუმეტეს, დანაწევრებული დრო–ჟამი არ არსებობს. მწერლისთვის დროის ცნება სხვანაირად აღიქმება, იგი დაუყოფელი და დანაწევრებული არ არის. ,,მითხარი როგორი წარსული გქონდა და გეტყვი, რა გელოდება წინ. უფრო მეტიც, მწერლისთვის საერთოდ არ არსებობს წარსულად, აწმყოდ და მომავლად დაყოფილი დრო.“(ო, ჭილაძე ,,ბედნიერი ტანჯული“ გვ 255) უნდა ითქვას ისიც, რომ  ეს მეთოდი თუ მიდგომა ერთგვარი დროის აღქმისა, მის ადრეულ წაწარმოებშიც გამოჩნდა. როდესაც მწერლისთვის არსებობს სიმულტანური დროის ცნება, აქ იგულისხმება სული უკვდავი და გაუხლეჩავი. ქართული სულის თავგადასავალი უხსოვარი დროიდან– დღემდე, მითიდან–ფაქტამდე–რეალობამდე.
  გუშინდელი დღე ასტრონომიული თვალსაზრისით აღარასოდეს განმეორდება, მაგრამ სული ხალხისა, ხვალაც და ზეგაც შეიძლება აღმოჩნდეს, იგივე მდგომარეობაში, როგორც გუშინ და გუშინწინ ყოფილა. ამდენად, სწორედ ეს გაუხლიჩავი სული არსებობს მწერლის, რომანებში, რომელსაც დრო–ჟამის სიმულტანურ მთლიანობაში მოქცევა, კიდევ უფრო მჭიდროდ კრავს და ამთლიანებს. ყოელივე ამას, კიდევ უფრო განამტკიცებს აკაკი ბაქარაძის სიტყვები, რომელიც ეხება დროისა და სულის მთლიანობას ,,( მიუხედავად უზარმაზარი ეპოქისა, რომლის შუა დევს მომხდარი ამბები, ხელს არაფერი უშლის, იმის წარმოდგენას, რომ სული მთლიანია. აი ეს სული არ იხლიჩება დროის შესაბამისად, ერთიანია და და რაკი ერთიანია, ცხადია, რომ ის წარსული და აწმყო ერთმანეთისგან დაშორებული არ არის,ერთმანეთში არსებობს და აქედან გამომდინარე, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ მომავალშიც ასე იქნება, რადგან განუყოფელია, ის ერთი მლიანობაა“(,,მნათობი“3–4 2000 წ. აკაკი ბაქარაძე ,გვ 134)
  აღნიშნული წერილი აკაკი ბაქარაძისა, უშუალოდ ამ რომანს არ ეხება, რადგან იგი მას სამწუხაროდ, არ მოსწრებია. მაგრამ ეს აღქმა მთლიანად მწერლის შემოქმედებაზე ვრცელდება. რაც შეეხება ,,გოდორს“, ოთარ ჭილაძე თავისი ჩვეული მოსაზრების ერთგულია, მაგრამ მაინც გარკვეულ სიახლეს გვთავაზობს. ლუდოვიკო ბოლონიელის სტუმრობა, როგორც რეალური ფაქტი და ასევე მისი გამოცხადება, როგორც პერსონაჟის ზმანების ნაყოფი, ანუ ერთი სიტყვით, მითის რეალობა თუ რეალობის მითი. ეს მომენტი უკვე თავისთავად სიახლეა, რაც მის ადრინდელ რომანში ,, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ უფრო სხვა რაკურსით გამოჩნდა. იქ მითოსიდან რეალობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ამ რეალობიდან, ისევ მითოსში კი არ ვბრუნდებით , არამედ რეალურ ფაქტთან ვრჩებით. ,,გოდორში“ კი ეს გადასვლის მომენტი ფაქტობრივად გაურკვეველია. შეიძლება მითი რეალობად აღვიქვათ ან პირიქით, რეალობა მითად.
  როდესაც უშუალოდ შევეხეთ მწერლის მიმართებას  დროსთან,  დავინახეთ ის ერთიანი და განუყოფელი სული, რომელიც ავტორს ყველგან ეგულება. ყოველივე ამის ასე წარმოდგენას ზურგს უმაგრებს თავად მითოსი ანუ მითის ხასიათი და თავისებურება.
  ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში მითს, რა თქმა უნდა, არ აქვს ჟანრის დანიშნულება, იგი სამყაროს შემეცნების მწერლისეულ ფორმას წარმოადგენს, ანუ ერთგვარად სახეშეცვლილი მითია, რომელსაც ლიტერატურული მეტაფიქციურობაც ემატება. მწერალი თავის ნაწარმოებში ამაზე ბუნდოვნად მიგვანიშნებს. მეტაფიქცურობა გამოკვეთილად არ არის წარმოჩენილი, მაგრამ თითქოსდა, რაღაც მკრთალი ლანდი მაინც არსებობს ამ მეტაფიქციურობისა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არსებობს ოდენ, ვარაუდის დონეზე, რადგან აქ არ გვაქვს პოსტმოდერნისტული ტექსტის მეტაფიქციური სიმყარე და გამოკვეთილობა. მწერლის მიერ მითში აღრეული მეტამიმეზისი, ხელს უწყობს ნაწარმოების აღქმას, როგორც სიცრუის სიბრძნეს და ასევე სიბრძნის სიცრუეს, უფრო სწორად, მათ ფეერიულ თამაშს.(,,ნარატივის აპოლოგია“ ზაზა შათირიშვილი,გვ 64)
  რაც შეეხება მითს და მასში ასახულ დროს. თვალს თუ გადავავლებთ რომანს, მივხვდებით რომ დრო–ჟამის ასეთი აღქმა მწერლისმიერ,მითოსიდან იღებს სათავეს, სიმულტანური დროის ცნებაც იქიდან მოდის.
  მითი ყველაზე მეტად წარსულთან,,სამყაროს შექმნის ხანასთან არის დაკავშირებული. მითის შინაგანი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ წარსულში აღსრულებული მოვლენები აწმყოშიც იჩენენ თავს და სრულიად თავისუფლად გადადიან ერთმანეთში. წარსული მომავალზე მოქმედებს. დრო შექცევადიც არის და შეუქცევადიც. მითი წარსულზე გვიამბობს, ანუ დიაქრონიულია, მაგრამ წარსული არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის გააზრების ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ წარსულისთვის დამახასიათებელი დიაქრონული სტრუქტურები სინქრონულად უნდა იყოს გააზრებული. ეს სწორედ არქაული დროის ორმაგი სახე–ბუნებაა, მისი შექცევადობა და შეუქცევადობა.


  ამრიგად, წარსული, აწმყო და მომავალი განიცდება, როგორც ერთი რიგისა და დროის ერთ განზომილებაში მიმდინარე პროცესები, რის გამოც, ამგვარი განცდა ,,ზედროული“ ხდება. მარადიული განმეორებადობაა  ადამიანის სულიერი ცხოვრების საფუძველი. ამგვარად, მითოლოგია თავისებურად აღიქვამს სინამდვილეს, გაადამუშავებს მას და ქმნის ახალ ,,უმაღლეს“ რეალობას, რომელიც მისთვის ჭეშმარიტი და რეალურია, ვინაიდან თავისი შემეცნების საგნის რეალურობის გარეშე, მითს გამოეცლებოდა ნიადაგი. ,,ეს არის მარადიული დროის უწყვეტობა ანუ ტოპოკოსმი, რომელშიც რეალური იდეალურში გადადის, ხოლო დროებითი,მარადიულსა და ტრანსცედენტურში“( ე.კასირერი: ,,ადამიანი და თავისუფლება“ გვ 125–126

ზაალ ჯალაღონია - კონწოლია ეკლესია


                          

სოფელ ზედა საქარაში, იმერეთის რეგიონი, ზესტაფონში. არის ერთი საინტერესო დასახელების ეკლესია. თავაძეების უბანის წმ.გიორგის სახელობის მე-9-10 საუკუნის ძეგლი. რომელსაც კონწოლია ტაძრადაც იხსენიებენ. ტაძარი გუმბათიანი ბაზილიკისგან შედგება. აქვს 8 სარკმელი. შიგნიდან ეკლესიას აქვს თავისებური, გამოკვეთილი სიმრგვალე. ეკლესია შიგნით მოხატულია, ფრესკებით ეს ყველაფერი დღემდე შემორჩენილია. ეკლესიის ზომებია 10X7X12. ეკლესია გოთური სტილისაა, რომელსაც აქვს ისრისებური ფანჯრები. ეკლესია ამაღლებულ ადგილზე დგას. გადმოცემა არსებობს იმის შესახებაც, რომ ამ ეკლესიას ადრე შესაფარებელი დანიშნულებაც ჰქონდა. რადგან მის სიახლოვეს არის გვირაბი, რომელიც იქვე ღელეს ურეთდება.როგორც ჩანს გვირაბს იყენებდნენ როგორც საიდუმლო ჩასასვლელად, ასევე სურსათ-სანოვაგის მოსამარაგებლად. ეკლესიიდან 150 მეტრის დაშორებით მდებარეობს მიწისქვეშა ციხე-სიმაგრე, ე.წ «უდაბნო». გადმოცემის მიხედვით მე-18 საუკუნეში ეკლესიას ოსმალები დასხმიან თავს იმ დროს, როდესაც მღვდელი წირვას ატარებდა, მაგრამ მეციხოვენი და მლოცველები მტერს არ დანებებიან, ბევრი მათგანი დაუხოცავთ, ძალთა უთანასწორობის შედეგად ციხე აუღიათ.
ჩვენი დაინტერესება გამოიწვია, იმან, რომ ამ ეკლესიის სახელი, წმინდა მეგრულ-ზანური იყო. როდესაც ბევრ ცნობებს გავეცანით, ეტიმოლოგიას, ისტორიას ამ ტაძრისას, სრულიად მიჩქმალული და უარყოფილი ჩანს მისი ენობრივი წარმომავლობის ძირები. რაც ,როგორც მოგეხსენებათ, მხოლოდ ამ ძეგლს არ ეხება. ეს ზოგადი ტენდენციაა,   ჩვენი დაკვირვება არ ყოფილა საკმაოდ რთული, რადგან ეს ტერმინი, ზედაპირზე იდო, ამიტომაც ხელი მივყავით მის ზუსტ გაშიფვრას. დავიწყოთ იქიდან, რომ მეგრულ-ზანური ტოპონიმების სიმრავლე საქართველოს ნებისმიერ კუთხეში იგრძნობა. ამ მხრივ იმერეთის რეგიონს ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს. საერთოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ მეგრულ-ზანური ენის დანაშრევებს ჩვენ ვხვდებით საკმაოდ დიდი დოზით მესხეთ-ჯავახეთში, შიდა ქართლში, ხევსურეთში, და კახეთის რეგიონშიც კი. ეს ყველაფერი იმაზე მიგვანიშნებს, რომ კოლხური კულტურა არ იყო მხოლოდ დასავლეთში ჩაკეტილი. არაფრისმომცემი დებულებაა, დღევანდელი ქართული ენის დომინანტური ადგილი მთელ საქართველოს ფარგლებში. ტოპონიმები ასევე ხაზს უსვამენ იმ გარემოებასაც, რომ ზანური ენის არეალი ძალიან  ფართო და ყოვლისმომცველია..გადავიდეთ უშუალოდ ჩვენს თემაზე, გავარკვიოთ თუ რას ნიშნავს ზემო საქარაში შემორჩენილი ეკლესის სახელი. საინტერესო სიტყვაა მეგრულ ენაში დაცული კოწოლი-ნაწნავი, კინკრიხოზე დატოვებული თმა, კულული, ფოჩი, ნაძენძი; კენწერო, კუნწულა; წვეროკინა; ქუდისა და ჩაბალახის წვეტი. ეს სიტყვა სემანტიკურადაც თანხვედრაში მოდის ამ საგნის აგებულებასთან, მის იერ-სახესთან. კონწოლია დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის წვეროკინა, მაღალი, აწოწილის მნიშვნელობით, ანუ ტაძარი, რომელიც არის მაღალი წვროს მქონე. ია-ს დამატება მთლიანად ხაზს უსვამს ამ ყოველივეს.რაც ასევე მეგრული ენის მნიშვნელოვანი თვისებაა, რაც მერე ქართულ კილოებშიც რეალიზდება მაგ იმერულში, გურულში.მეგრულად მწვერვალს ასევე ეწოდება კონკა, უმაღლეს მწვერვალს კი კოთაკონკა. თავისი წვერის სიმაღლის გამო აზიდული ფორმის გამო დაერქმეოდა ეკლესიას კონწოლია ტაძარი. ვის უშლის ხელს, რომ გაირკვეს ამ და მსგავსი სხვა ხუროთმოძღვრების ძეგლების სახელწოდების წარმომავლობა, ასევე ტოპონიმების, თუ ჰიდრონიმების ეტიმოლოგია? ან ვის მოაფიქრდა ასეთი, რამ თუ მეგრულია აჯობებს ის მიიჩქმალოს? რატომ არ სურს ზოგიერთ ქართველ მეცნიერს სიმართლის სამსახურში ჩადგომა? რატომ არაფერი წერია ვიკიპედიის ნუსხაში ტოპონიმებზე, რომელიც მეგრულ-ზანურნი არიან? ეს კითხვები აუცილებელ პასუხებს ითხოვენ. დროა ქართველმა ერმა, იცოდეს მისი დასაბამიერი ენა სად არსებობს, რათა წაიკითხოს თავისი მამულის ადგილების სახელწოდებანი იმ ენაზე, რომელ ენაზეც თავდაპირველად იქნენ ისინი სახელდებულნი