пятница, 1 августа 2014 г.

ზაალ ჯალაღონია - - ნაწყვეტი წიგნიდან: ოთარ ჭილაძის ,,გოდორი" (პრობლემათა სფერო)" მონოგრაფია

                

                                                   დრო- ჟამი რომანში                                                

ოთარ ჭილაძის ,,გოდორში“ მოცემულია დროის სავსებით ინდივიდუალური, ანუ სპეციფიური გაგება. ამ რომანში ერთმანეთს ენაცვლებიან წარსული და მომავალი. ასევე ვხვდებით აწმყოს, რომელიც წარსულში გადადის, ან სულაც, ცალკე იმყოფება. დაუკვირვებელი თვალითაც შესამჩნევია, რომ ოთარ ჭილაძის მიერ აღწერილი, თუ განცდილი დრო, ჩვეულებრივ ჟამს და მის კანონზომიერ თვისებებს სცილდება. დრო როგორც მარად მედინი ფენომენი სამყაროში არსებობს, რომელიც წრებრუნვას ასრულებს. წარსული აწმყოში გადადის, ხოლო აწმყო მომავალში. მაგრამ ეს ამ ნაწარმოებში ბუნებრივი სახით არ წარმოგვიდგება, რითაც იგი ორიგინალურ  ხასიათს და თვისებებს ინარჩუნებს.  სიმულტანური დროის ცნება შემოდის ოთარ ჭილაძის ,,გოდორში“ ეს არის, ჟამთა ურთიერთ გადასვლის მოდელი, რომელიც მარადისობის სიახლოვეს შეგვაგრძნობინებს. შემოქმედისთვის ცალკე აღებული და მითუმეტეს, დანაწევრებული დრო–ჟამი არ არსებობს. მწერლისთვის დროის ცნება სხვანაირად აღიქმება, იგი დაუყოფელი და დანაწევრებული არ არის. ,,მითხარი როგორი წარსული გქონდა და გეტყვი, რა გელოდება წინ. უფრო მეტიც, მწერლისთვის საერთოდ არ არსებობს წარსულად, აწმყოდ და მომავლად დაყოფილი დრო.“(ო, ჭილაძე ,,ბედნიერი ტანჯული“ გვ 255) უნდა ითქვას ისიც, რომ  ეს მეთოდი თუ მიდგომა ერთგვარი დროის აღქმისა, მის ადრეულ წაწარმოებშიც გამოჩნდა. როდესაც მწერლისთვის არსებობს სიმულტანური დროის ცნება, აქ იგულისხმება სული უკვდავი და გაუხლეჩავი. ქართული სულის თავგადასავალი უხსოვარი დროიდან– დღემდე, მითიდან–ფაქტამდე–რეალობამდე.
  გუშინდელი დღე ასტრონომიული თვალსაზრისით აღარასოდეს განმეორდება, მაგრამ სული ხალხისა, ხვალაც და ზეგაც შეიძლება აღმოჩნდეს, იგივე მდგომარეობაში, როგორც გუშინ და გუშინწინ ყოფილა. ამდენად, სწორედ ეს გაუხლიჩავი სული არსებობს მწერლის, რომანებში, რომელსაც დრო–ჟამის სიმულტანურ მთლიანობაში მოქცევა, კიდევ უფრო მჭიდროდ კრავს და ამთლიანებს. ყოელივე ამას, კიდევ უფრო განამტკიცებს აკაკი ბაქარაძის სიტყვები, რომელიც ეხება დროისა და სულის მთლიანობას ,,( მიუხედავად უზარმაზარი ეპოქისა, რომლის შუა დევს მომხდარი ამბები, ხელს არაფერი უშლის, იმის წარმოდგენას, რომ სული მთლიანია. აი ეს სული არ იხლიჩება დროის შესაბამისად, ერთიანია და და რაკი ერთიანია, ცხადია, რომ ის წარსული და აწმყო ერთმანეთისგან დაშორებული არ არის,ერთმანეთში არსებობს და აქედან გამომდინარე, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ მომავალშიც ასე იქნება, რადგან განუყოფელია, ის ერთი მლიანობაა“(,,მნათობი“3–4 2000 წ. აკაკი ბაქარაძე ,გვ 134)
  აღნიშნული წერილი აკაკი ბაქარაძისა, უშუალოდ ამ რომანს არ ეხება, რადგან იგი მას სამწუხაროდ, არ მოსწრებია. მაგრამ ეს აღქმა მთლიანად მწერლის შემოქმედებაზე ვრცელდება. რაც შეეხება ,,გოდორს“, ოთარ ჭილაძე თავისი ჩვეული მოსაზრების ერთგულია, მაგრამ მაინც გარკვეულ სიახლეს გვთავაზობს. ლუდოვიკო ბოლონიელის სტუმრობა, როგორც რეალური ფაქტი და ასევე მისი გამოცხადება, როგორც პერსონაჟის ზმანების ნაყოფი, ანუ ერთი სიტყვით, მითის რეალობა თუ რეალობის მითი. ეს მომენტი უკვე თავისთავად სიახლეა, რაც მის ადრინდელ რომანში ,, გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ უფრო სხვა რაკურსით გამოჩნდა. იქ მითოსიდან რეალობაში აღმოვჩნდით, მაგრამ ამ რეალობიდან, ისევ მითოსში კი არ ვბრუნდებით , არამედ რეალურ ფაქტთან ვრჩებით. ,,გოდორში“ კი ეს გადასვლის მომენტი ფაქტობრივად გაურკვეველია. შეიძლება მითი რეალობად აღვიქვათ ან პირიქით, რეალობა მითად.
  როდესაც უშუალოდ შევეხეთ მწერლის მიმართებას  დროსთან,  დავინახეთ ის ერთიანი და განუყოფელი სული, რომელიც ავტორს ყველგან ეგულება. ყოველივე ამის ასე წარმოდგენას ზურგს უმაგრებს თავად მითოსი ანუ მითის ხასიათი და თავისებურება.
  ოთარ ჭილაძის შემოქმედებაში მითს, რა თქმა უნდა, არ აქვს ჟანრის დანიშნულება, იგი სამყაროს შემეცნების მწერლისეულ ფორმას წარმოადგენს, ანუ ერთგვარად სახეშეცვლილი მითია, რომელსაც ლიტერატურული მეტაფიქციურობაც ემატება. მწერალი თავის ნაწარმოებში ამაზე ბუნდოვნად მიგვანიშნებს. მეტაფიქცურობა გამოკვეთილად არ არის წარმოჩენილი, მაგრამ თითქოსდა, რაღაც მკრთალი ლანდი მაინც არსებობს ამ მეტაფიქციურობისა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არსებობს ოდენ, ვარაუდის დონეზე, რადგან აქ არ გვაქვს პოსტმოდერნისტული ტექსტის მეტაფიქციური სიმყარე და გამოკვეთილობა. მწერლის მიერ მითში აღრეული მეტამიმეზისი, ხელს უწყობს ნაწარმოების აღქმას, როგორც სიცრუის სიბრძნეს და ასევე სიბრძნის სიცრუეს, უფრო სწორად, მათ ფეერიულ თამაშს.(,,ნარატივის აპოლოგია“ ზაზა შათირიშვილი,გვ 64)
  რაც შეეხება მითს და მასში ასახულ დროს. თვალს თუ გადავავლებთ რომანს, მივხვდებით რომ დრო–ჟამის ასეთი აღქმა მწერლისმიერ,მითოსიდან იღებს სათავეს, სიმულტანური დროის ცნებაც იქიდან მოდის.
  მითი ყველაზე მეტად წარსულთან,,სამყაროს შექმნის ხანასთან არის დაკავშირებული. მითის შინაგანი ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ წარსულში აღსრულებული მოვლენები აწმყოშიც იჩენენ თავს და სრულიად თავისუფლად გადადიან ერთმანეთში. წარსული მომავალზე მოქმედებს. დრო შექცევადიც არის და შეუქცევადიც. მითი წარსულზე გვიამბობს, ანუ დიაქრონიულია, მაგრამ წარსული არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის გააზრების ერთადერთი საშუალებაა, ამიტომ წარსულისთვის დამახასიათებელი დიაქრონული სტრუქტურები სინქრონულად უნდა იყოს გააზრებული. ეს სწორედ არქაული დროის ორმაგი სახე–ბუნებაა, მისი შექცევადობა და შეუქცევადობა.


  ამრიგად, წარსული, აწმყო და მომავალი განიცდება, როგორც ერთი რიგისა და დროის ერთ განზომილებაში მიმდინარე პროცესები, რის გამოც, ამგვარი განცდა ,,ზედროული“ ხდება. მარადიული განმეორებადობაა  ადამიანის სულიერი ცხოვრების საფუძველი. ამგვარად, მითოლოგია თავისებურად აღიქვამს სინამდვილეს, გაადამუშავებს მას და ქმნის ახალ ,,უმაღლეს“ რეალობას, რომელიც მისთვის ჭეშმარიტი და რეალურია, ვინაიდან თავისი შემეცნების საგნის რეალურობის გარეშე, მითს გამოეცლებოდა ნიადაგი. ,,ეს არის მარადიული დროის უწყვეტობა ანუ ტოპოკოსმი, რომელშიც რეალური იდეალურში გადადის, ხოლო დროებითი,მარადიულსა და ტრანსცედენტურში“( ე.კასირერი: ,,ადამიანი და თავისუფლება“ გვ 125–126

Комментариев нет:

Отправить комментарий