пятница, 8 августа 2014 г.

ნონა დავითაია -ზაალ ჯალაღონიას პოეზია წაკითხული 2013 წლის 15 ოქტომბერს ზუგდიდის არტგალერეაში პოეტის შემოქმედებით საღამოზე

 


 



არიან პოეტები ორიენტირებულნი ფერზე, მუსიკაზე, ალიტერაციებზე, მეტაფორებზე... ზაალის პოეზიას უბრალოდ ვერ გადაიკითხავ, მხოლოდ თვალის გადავლების პრინციპით ვერ იმოქმედებ... აქ აბსოლუტური სმენა გჭირდება, აბსოლუტური ხედვა და აბსოლუტური წვდომის უნარი... ზაალის ლექსებს ფხიზელი შინაგანი მდგომარეობით უნდა მიუახლოვდე! ზაალისთვის ლექსი წმინდა ესთეტიკური ფორმულაა... მეცნიერებაა...ფილოსოფიაა...ეთიკისა სფეროა... ტილოა, სადაც პროფესიონალი პოეტი ამბობს თავის სათქმელს. მას თავისი ლექსი მოწიწებით მოაქვს შენთან, როგორც დასრულებული ნაწარმოები, როგორც ემოციური, ფერადი ავტოპორტრეტი, როგორც ულამაზესი განწყობილება... ,,შენგან ვერასდროს გავიქცევი.. ჩემგან როცა მინდა გავდივარო", - ამბობს ზაალი ერთ ლექსში... ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ ადამიანს მართლაც შეუძლია გაღწევა საკუთარი თავიდან, საკუთარი წიაღიდან. ანუ ადამიანი, როგორც ფერადი მოცემულობა ტოვებს საკუთარ ჭურჭელს და ქმნის ახალ ცნობიერ ველს მისთვის... ცხადია, ადამიანი არასოდეს არ არის მუდმივად ერთ ემოციურ ფერში, ერთ ემოციურ განფენილობაში და ეს ჩანს ზაალის პოეზიაშიც. ეს მიწიდან გასვლის, ცასთან მიახლოების რიტუალია... ,,ცეკვავს ლამაზი შავთვალა ქალი და ჩემში რჩება, იღვრება სხივად. თითქოს მინდვრის პირს დაეცა ქარი და მისი თეთრი ხელები ცვივა"... აქ, ამ სტროფში ზაალ ჯალაღონია უკვე მხატვარია. ფერმწერია. აქ მისი კალამი უახლოვდება ფუნჯს და ჩვენ ამ სურათს ვხედათ.... ,,ლექსი დაგიხშობს ერთხელ სასულეს, მაგრამ არასდროს ფიქრს და სურვილებს"... ანუ ზაალისთვის ლექსი არის არა მხოლოდ რაღაც მარტივი ღირებულება, კულტურული ფასეულობა, აზროვნების ფორმა, არამედ, მოვლენა, შინაგანი მოთხოვნილება, სულისა და სხეულის მდგომარეობა, სიცოცხლის აზრი... ცნობილი ფაქტია, რომ მეცნიერება აზროვნებს ცნებებით. ხელოვნება სახეებით. ზაალის შემთხვევაში ცნება - სახე და სახე - ცნება ერთი და იგივეა...ერთი ესთეტიკური მთლიანობაა, ერთი ანალიტიკური მოცემულობაა, ერთი ფორმულაა. არადა ზაალი მართლაც ანალიტიკოსია. პოეტი - ანალიტიკოსი... პოეტი ფილოსოფოსი... პოეტი - ფერმწერი... პოეტი - ისტორიკოსი... პოეტი - მკვლევარი... ,,მე ჩემი თავი გამოვიგონე... რამდენიმე ხნის შემდეგ დავშალე და ყუთში ჩავაწყვე. ახლა დრო მეზობლის ბავშვივით თამაშობს ჩემს მიერ გაკეთებული ნივთით, ისე, რომ ვეღარ მიმხვდარა, - თუ როგორ უნდა ამაწყოს... მე ყუთში ყოფნა ვინატრე"... ბუნებრივია, რაღაც გაგებით ჩვენ ვართ საკუთარი თავის გამომგონებლებიც, არქიტექტორებიც, ჩვენივე თავის მხატვრებიც... რა თქმა უნდა არა მისი პირველყოფილი ინტერპრეტაციით... ამ თამაშში, რომელსაც ჩვენ საკუთარ თავს ვეთამაშებით, - უმეტესად ვაგებთ... დროს კი, ანუ ვთქვათ ასე, დრო - გარემოს არ ესმის ჩვენი, არ აინტერესებს ადამიანი...დრომ დაკარგა მანძილი, დაკარგა ხარისხი... ჩვენ მისთვის ,,სულერთნი" ვართ, ამიტომაცაა, რომ პოეტი ყუთში ყოფნას, დახშულ სივრცეში ყოფნას არჩევს...ცხადია ვერავინ გაექცევა დროს, გარემოს, სივრცის კარნახს...ამ ლექსმა სალვადორ დალი გამახსენა. დალი ამბობს: მეო, მუცლად ყოფნის პერიოდი მახსოვსო. ეს ჩემთვის სამოთხე იყოო. გამოსვლას, ანუ დაბადების აქტს კი დალი ადარებს ჯოჯოხეთს და წერს, რომ მე ისევ უკან დაბრუნება მინდოდაო... ანუ ყუთში ყოფნა უნდოდა...ეს ის შემთხვევაა, როცა აღარც მიწა გინდა, აღარც ცა, და სადღაც ყუთში, დახშულობაში ირჩევ ყოფნას. ეს არ არის ზედაპირული განცდა, ან სულაც პოზიორობა მკითხველთან. ეს გააზრებული განცდაა. ეს პასუხის პასუხია. ეს შედეგია, ზოგჯერ უმსგავსო სინამდვილეთან შეჯახების შედეგად მიღებული. ,,დილით, როდესაც ერთ ფინჯან ყავას უკვე სიკვდილის გემო დაჰკრავს, ნერვიულად გადავასხამ და მენატრება სიცოცხლის გემო"... ვერცერთი პოეტი ვერ იტყვის ასე და ამგვარად ფორმალურად, რაღაც კეკლუცობის გამო... ეს ძალიან მძიმე სტრიქონები იწერება იმიტომ, რომ ვცხოვრობთ აბსოლუტურად კატასტროფულ დროში... დროში, როცა ყოფიერება, რეალობა სავსეა კითხვისნიშნებით, როცა დროის ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ იმ ფინჯან ყავასაც კი სიკვდილის გემო დაკრავს... სწორედ დროის სინდრომი, გარემოს სინდრომი, სიცოცხლის უკმარისობის სინდრომი წრიალებს ზაალის ლექსებში და ეს ერთი შეხედვით სუბიეტურ პრინციპზე აგებული ტკივილი, სულაც არ არის ერთი ადამიანის ტკივილი.... ეს კაცობრიობის ტკივილია. უფრო აქეთ, ეს ერის ტკივილია. სამშობლოს სხეულზე გაჩენილი შავი ხვრელია... ,,ჩუმად მენგრევა მთელი სხეული, როგორც ტაძარი გამოკეტილი"... არც ეს არის ერთი კონკრეტული ადამიანის სხეულის ნგრევის სასწაული...ესეც დიდი სხეულის, ეროვნული სხეულის ნგრევის შემზარავი ხმაა... ,,გარეთ შეშლილი ქარის ხმებია... გარეთ ორნი ვართ... მე და არავინ"... მე შემძრა ამ სტროფმა. უმძიმესი სტროფია გასააზრებლად. არაფერს ვამბობ მთლიანობაში ლექსზე. ლექსი და საერთოდ ლიტერატურა ხომ ის ფენომენია, სადაც გაჯიბრება არ ითვლება წესად... მკითხველს ერთნაირად სჭირდება ყველა პოეტი, თუკი ის მართლა პოეტია. ყველა მხატვარი, თუკი ის მართლა მხატვარია. თუნდაც იმიტომ, რომ ყველა ხელოვანს აქვს საკუთარი სათქმელი, გამომსახველობის საკუთარი ფორმა და ყოველი მათგანი ირჩევს მისთვის საჭირო სტილს, მეთოდს, მიმართულებას, მიმდინარეობას...ამ თვალსაზრისით ზაალი არავის არ ჰგავს...ის ჰგავს საკუთარ თავს...ის წერს საკუთარ პორტრეტს და მოაქვს ის უსაზღვროდ დიდი და ვრცელი სამყარო, რომლის გარეშეც ნამდვილი ხელოვნება არ არსებობს. ხშირად ადამიანებს ჭირდება სანახაობა და სანახაობრივი ხელოვნება..სანახაობრივი პოეზია..ასეთი რამ ზაალს არასოდეს გამოუვა. ის ვერასოდეს დაწერს ლექსს, რომელსაც დარბაზში ათასიდან ათასი მსმენელი ერთნაირი გატაცებით მოუსმენდა ან ტაშს დაუკრავდა... ზაალის ლექსი მისი წრისთვის იწერება. მას სხვაგვარი სიღრმის მსმენელი სჭირდება, სხვაგვარი ფიქრი და დაკვირვება. ამას თავადაც არ მალავს და თავადაც მიანიშნებს ამაზე ერთ ლექსში: ,, მე არ ვარ სალონური ტიპის პოეტი. ჩემი ლექსი ტავერნა - ბარებს არ მოერგებოდა"... საინტერესოა, რომ ზაალი თარგმნის კიდეც კლასიკოსებს. თარგმნის, როგორც რუსულიდან, ასევე ინგლისურიდან, ხშირად იაპონურიდანაც... ლექსებს წერს ულამაზეს მეგრულ ენაზეც... ასე, რომ მისთვის კლასიკა და ფოლკლორი ერთსადაიმავე ხარისხში იკვეთება... მე მინდა გთხოვოთ, - მიიღეთ ეს უნიჭიერესი ადამიანი ისეთი, როგორიც არის: უსაზღვროდ ლამაზი შინაგანი სტრუქტურით... უსაზღვროდ ღრმა სამეცნიერო და შემოქმედებითი შესაძლებლობებით... უსაზღვროდ მაღალი ადამიანური კულტურით, საკუთარ თავზე კი არა, საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ ერზე უსაზღვროდ შეყვარებული ღირსეული კაცი!







Комментариев нет:

Отправить комментарий